თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $1.02 მლრდ შეადგინა, რაც 22.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 64.3%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 70%-ით გაიზარდა და $659.7 მლნ-ს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.1% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

  • ჩინეთი ($143.9 მლნ)
  • რუსეთი ($84.9 მლნ)
  • თურქეთი ($76.1 მლნ)

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $125.6 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, $88.1 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.3%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს თხილი და სხვა კაკალი $34.2 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 5.2%).