თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 762.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.5 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 217.3 მლნ. აშშ დოლარით (4.3 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 589.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 928.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 445.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.5 პროცენტი).
საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 785.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 5 102.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 683.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8 პროცენტით).
საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ–ოქტომბერში, 7 580.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6 პროცენტია.