თბილისი (GBC) – საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.3%–ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 0.1%–ით.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით ფასები 2.7 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.18 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 14.2 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -1.12 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-21.9 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.59 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (9.8 პროცენტი), ტანსაცმელი (20.9 პროცენტი) და სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (12.1 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 4.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.38 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 1.2 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.03 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.