თბილისი (GBC) - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალს 37 ახალი მაჩვენებელი დაამატა.

ამჟამად პორტალზე მუნიციპალურ დონეზე ჩაშლილი 161 მაჩვენებელია განთავსებული, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მოსახლეობისა და დემოგრაფიის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, მშენებლობის, ტურიზმის, ბიზნეს რეგისტრის, ბიზნეს სექტორის, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის და სხვა სექტორების შესახებ. პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს შედარდეს ძირითადი მაჩვენებლები, როგორც რეგიონების, ისე მუნიციპალიტეტების მიხედვით.

რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალი ევროკავშირის, დანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა და მისი მიზანია მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკური შესაძლებლობების განვითარება, სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და მონიტორინგს.

მუნიციპალიტეტების დონეზე სტატისტიკური მონაცემების წარმოების შესაძლებლობების ზრდა საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლებისა და დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიებით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტია. ზემოაღნიშნული სტრატეგიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირისა და დანიის მთავრობის დაფინანსებით, თანამშრომლობენ ადგილობრივ დონეზე საჭიროებებზე დაფუძნებული სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესებისათვის.

ახალი მაჩვენებლები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://regions.geostat.ge/regions/