თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $11,93 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი $3,23 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 13.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი $8,7 მლრდ-ს (გაიზარდა 12.4 პროცენტით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ–ივნისში, $5,46 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2022-2025 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.
2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (681.3 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (414.0 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (341.8 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($1,3 მლრდ), აშშ ($1,28 მლრდ) და რუსეთი ($950 მლნ).