თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 25 309.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის IV კვარტალში 4%-ით განისაზღვრა.

2024 წლის მეოთხე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (29.7%), განათლება (36.2%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (19.9%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება (23.6%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.9%), მშენებლობა (7.4%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.4%).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.3%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-0.2%).

საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.5%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.6%). შემდეგ პოზიციებს იკავებს მშენებლობა (9.4%), დამამუშავებელი მრეწველობა (9%), სახელმწიფო მმართველობა (7.1%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (6.7%), განათლება (6.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.2%).