თბილისი (GBC) - I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7 %-ით (270.1 ლარით) გაიზარდა და  1 716.6 ლარი შეადგინა.

 

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2018-2023 წლებში, კვარტალების მიხედვით.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

 

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 23.8 %-ით);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი (გაიზარდა 55.2 %-ით);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი (გაიზარდა 21.6 %-ით);

• მშენებლობა - 2 145.5 ლარი (გაიზარდა 14.7 %-ით).

 

2023 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 375.7 ლარით, ხოლო კაცების - 2 053.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 190.9 ლარი (16.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 358.1 ლარი (21.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სქესობრივ ჭრილში, 2018-2023 წლებში, კვარტალების მიხედვით:

2023 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესს სექტორში 279.4 ლარით (18.9%) გაიზარდა და 1 759.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 740.2 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 57.1 %-ით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 832.9 ლარი, გაიზარდა 14.8 %-ით) დარგებში ფიქსირდება.

 

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში.