თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 173.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.5%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 43.7%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.3%-ით შემცირდა და 1 825.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2021-2024 წლებში:

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.8% შეადგინა.

ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

  • რუსეთი (376.5 მლნ. აშშ დოლარი),
  • თურქეთი (287.6 მლნ. აშშ დოლარი),
  • ჩინეთი (181.7 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 219.3 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 195.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 147.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.1%).