თბილისი (GBC) - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 7-8 სექტემბერს გემო ფესტს სამეგრელო უმასპინძლებს. ფესტივალი ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება.

გემო ფესტში მონაწილეობის მსურველები შეხვდნენ გამოცდილ შეფებს, მათთვის გაიმართა ტრენინგები და მასტერკლასები. შეფ მზარეულებმა ფესტივალის მომავალ მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს და რჩევები მისცეს.

ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები წარადგინონ, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

ფესტივალში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ადგილობრივი მზარეულები მიიღებენ მონაწილეობას.

გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყობა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონცერტი, სადაც სხვადასხვა შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.