თბილისი (GBC) - კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაშია. უკვე გადამუშავებულია 60 ათას ტონამდე ყურძენი. ამ ეტაპისთვის, მოსავალი  4 500-მდე მევენახემ უკვე დააბინავა, თუმცა ისინი პროდუქციის რეალიზების პროცესში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

ბაჩო კუპატაძე კახელი მევენახეა, რომელიც ,,კომერსანტს’’ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშემშლელ ფაქტორებზე ესაუბრა. მევენახე აცხადებს, რომ წელს ყურძნის ხარისხიც მაღალია და რაოდენობაც გაზრდილია, თუმცა პრობლემას ჩაბარების დაბალი ფასი წარმოადგენს.

,,ფასი ყველგან 1-დან 1.40 ლარამდე მერყეობს. შავი ყურძენიც, თეთრიც, იდიალურიც და დაზიანებულიც ერთნაირ ფასში ბარდება. ფასი ერთნაირია სპირტის დასამზადებლად და ღვინის წარმოებისთვის ჩაბარებულ ყურძენზე. ხალხი ცდილობს მალე ჩააბაროს მოსავალი, რადგან მწიფე ყურძენს, რაც უფრო დიდხანს გააჩერებ, მით უფრო იკლებს წონაში.  ნაკლები წონა კი ნაკლებ შემოსავალს გულისხმობს. ამიტომ ერთდროულად დაკრიფა ყველამ. გაჭირდა მუშახელისა და ტრანსპორტის შოვნა. ქარხნებთან დადგა რიგები. დიდი რაოდენობის მოსავლის გამო ქარხნებმა არჩევა დაიწყეს. 2 კვირაა დაახლოებით გართულდა ჩაბარების პროცესი“, - აცხადებს მევენახე.

კლიმატური პირობების შედეგად წელს ყურძენი ერთიანად დამწიფდა, რამაც ბაზარზე მოსავლის ჭარბი რაოდენობა შეიქმნა. მევენახეები ამბობენ, რომ ჩამბარებელი ქარხნები გვიან გაიხსნა, რამაც პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა. დაკრეფილმა ყურძენმა გამოშრობა და ჭკნობა დაიწყო, ამიტომ გლეხები ახლა ცდილობენ, მოსავალი მალე დააბინაონ.

მევენახეები კერძო ქარხნებში ყურძნის ჩაბარების პრობლემაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ აქ ფასი შედარებით მაღალია, თუმცა კერძო ქარხნები ჯერ ნაცნობი მევენახეებისგან იბარებენ ყურძენს, რის გამოც გლეხები ყურძნის დროულად რეალიზებას ვერ ახერხებენ. 

,,ყველაზე მაღალი ფასი არის კერძო ქარხნებში, სადაც ლარ-ნახევრად იბარებენ, მაგრამ იქ შეტანა ძალიან რთულია, რადგან ბევრი ნაცნობობით იბარებს. კერძო ქარხნებში ყურძენს არჩევენ. რამდენჯერმე ამოწმებენ სიტკბოსა და ყურძნის ვიზუალს’’,- აცხადებს „კომერსანტთან“ საუბარში მევენახე ბაჩო კუპატაძე.

ნაცნობი მევენახეებისთვის უპირატესობის მინიჭებას ადასტურებს „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი. ზურა რამაზაშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ დროით გამოცდილ კლიენტებთან მუშაობენ. 

,,დიდი ხანია ბაზარზე ვართ და გვაქვს ურთიერთობა დიდ მევენახეებთან. მხოლოდ დროით გამოცდილ კლიენტებთან ვმუშაობთ. ეს კომერციული სტრუქტურაა და შესაბამისად, ჩვენი ინტერესებია პირველ ადგილზე. მათთან ურთიერთობით ორგანიზებას ვუწევთ ყურძნის მიღების პროცესს იმ რაოდენობით, რაც ჩვენ გვჭირდება. გვაქვს დღიური გადამუშავების ლიმიტი და შესაბამისად ყოველდღიურად გვაქვს გაწერილი ის რაოდენობა რისი გადამუშავებაც შეგვიძლია", - აცხადებს ზურა რამაზაშვილი.

ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ჩართულია სახელმწიფო. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსავალი სრულად უნდა დაბინავდეს.

,,მოსავლის მართვის კომპანია, რომლის მთავარი საწარმოც სოფელ აკურაში მდებარეობს ჩაიბარებს დაზიანებულ ან ჭარბ ყურძენს. ჯერჯერობით ბარდება დაზიანებული ყურძენი. სახელმწიფოს აქვს დადგენილი მინიმალური ფასი. დაზიანებული ყურძენი ერთ ლარად ბარდება. ,,აკურა’’ რამდენიმე ლოკაციაზეა გაშლილი და მზად არის იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი დაიწუნებს ან არ ჩაიბარებს ყურძენს, მოხდეს მისი გადამუშავება სახელმწიფოს მიერ",- თქვა ლევან მეხუზლამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ წელს შარშანდელისგან განსხვავებით საკმაოდ უხვ მოსავალს ელოდება.

„საპროგნოზო მაჩვენებელია 250 ათასიდან 300 ათას ტონამდე, რაც ჩვენი პროგნოზით კომერციული, საღვინე მიმართულებით გადამუშავდება. ეს კახეთის რეგიონს ეხება. რაჭა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა რაოდენობის მხრივ რაჭაში მცირე მოსავალი მოდის. რეგიონში დაახლოებით ათასი-ათას ხუთასი ტონა მუშავდება, რაც დიდ გავლენას არ ახდენს საერთო რაოდენობაზე. რაც შეეხება ხარისხს. ვფიქრობ, რომ წელს მაღალი ხარისხის მოსავალი გვაქვს. მათ შორის ბევრგან შაქრიანობა არის ძალიან მაღალი. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ წელს ვინც გულისყურით და გულდასმით უვლიდა ვენახს, როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობის თვალსაზრისით ძალიან კარგი მოსავალი აქვს’’, - განაცხადა ლევან მეხუზლამ ,,კომერსანტთან’’ საუბარში.

საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას აძლევს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის.

კომერსანტი