თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება. 2024 წლის 5 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი წლიურად 52%-ით გაიზარდა და ღვინის მთლიანი ექსპორტის 75% შეადგინა. 2023–ში ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის 79% მოდიოდა რუსეთზე.

2024 წლის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი პროცენტულად ასე ნაწილდება:

  • რუსეთი - 75%;
  • ევროპა - 10%;
  • დსთ-ის ქვეყნები - 6%;
  • უკრაინა - 4%;
  • ჩინეთი - 2%.

თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, საქართველოში, მსოფლიოს მსგავსად, ღვინის საექსპორტო ფასი გაიზარდა 2023 წელს. ზრდამ 16% შეადგინა. მათივე თქმით, ევროპული ღვინოების ფასის ზრდამ გაზარდა მოთხოვნა ქართულ ღვინოზე. მოსალოდნელია, რომ ეს ეფექტი კვლავ გაგრძელდეს.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია კონკურენცია ჩილესგან,  არგენტინისგან, და სამხრეთ აფრიკისგან და ასევე, ეკონომიკური და იმპორტის პოლიტიკის ცვლილების რისკები. 

თიბისი კაპიტალის თანახმად, 2024-2025 წლებში მოსალოდნელია რუბლის გაუფასურება დოლარის მიმართ. გარდა იმისა, რომ გაუფასურება იწვევს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირებას ან ხარჯვითი პრეფერენციების ცვლილებას, ის ზრდის სავალუტო რისკებს ექსპორტიორი კომპანიებისთვის. 

ამასთან ერთად, სწრაფად მზარდ ბაზრებზე საქართველოდან იმპორტირებული ღვინის წილი მაღალია ყაზახეთსა (16%) და უზბეკეთში (20%), ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანში შედარებით დაბალი. 

ჩინეთში ღვინის მოხმარება მცირდება (ჩინეთში ღვინის მოხმარება 2018 წლიდან იკლებს. 2023 წელს ჩინეთში მოხმარება წლიურად 24.&%-ით შემცირდა) და ეს საქართველოდან ექსპორტზეც აისახება და როგორც თიბისი კაპიტალის მკვლევრები ფიქრობენ, ჩინეთის ბაზრის შემცირებას პოლონეთის ბაზრის ზრდა აკომპენსირებს (2024 წლის 5 თვეში პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა).

თიბისი კაპიტალის თანახმად, ქართული ღვინის ინდუსტრია უკანასკნელი სამი წლის მანძილზე 1-6 პროცენტის ფარგლებში იზრდება. 2024 წელს ზრდა 5%-ს შეადგენს. ზრდის ძირითადი წყარო იქნება რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდა და ადგილობრივი მოხმარების ზრდა გაზრდილი ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმის ფონზე. 

ცნობისთვის, ქართული ღვინის საექსპორტო ფასი $7-ია და იზრდება მოთხოვნა ორგანულ, ნატურალურ და დაბალ-ალკოჰოლიან ღვინოზე. 

რუსეთის ბაზარზე ოპერირებისას მნიშვნელოვანია სავალუტო და მსყიდველობითი უნარის გაუარესების რისკების, ასევე, სავაჭრო პოლიტიკის არასტაბილურობის გათვალისწინება.

სწრაფად მზარდ ბაზრებზე, სწორი პოზიციონირების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლებლობა აქვს მაღალფასიანი სეგმენტები მოიზიდოს. 

2024 წელს ზრდა ღვინის სექტორის ბრუნვა, 5%-ით გაიზარდა. ზრდის ძირითადი წყარო იქნება რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდა და ადგილობრივი მოხმარების ზრდა.