თბილისი (GBC) - რაჭა-ლეჩხუმში მოყვანილი უსახელოურის ჯიშის ყურძნის 1 კგ-ის ფასი 20 ლარამდე გაიზარდა. შხამქიმიკატებით მოყვანილი უსახელოურის სტანდარტული ფასი 15 ლარს შეადგენს, ხოლო ბიოს ფასი 20 ლარია.
უსახელოური ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, რომლისგან დაყენებული ღვინოც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალ საფასო სეგმენტში ხვდება.
რთველის სეზონის მიმდინარეობის დროს სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანია საღვინე ვაზის ჯიშების ფასები.
კახეთში რქაწითლის ფასი 1.20 ლარის ფარგლებში მერყეობს, საფერავი კი როგორც ყოველთვის მასზე 10-40 თეთრით მეტი ღირს და 1.30-დან, 1.50-მდე მერყეობს.
1 კგ გურული ვაზის ჯიშის, საკმიელას ფასი კი 8 ლარამდე მერყეობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კახეთში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს, მევენახეებს კი ვენახის დაბინავება და რეალიზაცია უჭირთ, რადგან პრობლემას წარმოადგენს გაძვირებული მუშახელი.
ერთ-ერთი კახელი მევენახე, რომელიც წინანდლის ადგილწარმოშობის ზონაში ფლობს საფერავის, ქისის, ხიხვის, კაბერნე სოვინიონის, კაბერნე ფრანის და მალბეკის ჯიშის ვენახებს, GBC-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ 2024 წელს უხვი მოსავალი მიიღო, მაგრამ ბაზარზე ყურძენზე მოთხოვნა შემცირდა.
მევენახის თქმით, პრობლემას წარმოადგენს მუშახელის გაძვირება და კვალიფიკაციური მუშახელის დეფიციტი. ამასთან, ყურძენი გაიაფდა, მისი მოვლა კი პირიქით, გაძვირდა. გაძვირდა ღვინოც. მევენახის თქმით, ადრე თუ ღვინის ყიდვა შეგეძლო 4-5 ლარად, ახლა მაგ ფასად კახეთში ღვინოს ვეღარსად იყიდი.
მევენახე GBC-სთან საუბარში განმარტავს იმასაც, რომ ადრე თუ ის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ კომპანია "ბადაგონში" აბარებდა ყურძენს, ახლა არ იცის სად ჩააბაროს იმიტომ, რომ როგორც "ბადაგონის" წარმომადგენელმა განუცხადა, თავად კომპანიამ საკუთრებაში არსებულ ვენახებში იმდენი მოსავალი მოიწია, რომ შესაძლოა წელს ყურძენი მევენახეებისგან საერთოდ აღარ ჩაიბარონ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, რაჭაში რთველი უკვე აქტიურად მიმდინარეობს და დაახლოებით 2000 ტონამდე მოსავალს პროგნოზირებენ. მისი თქმით, მიმდინარე წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით 500 ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია.
"მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი მოსავალი გვაქვს. რა თქმა უნდა, შტაბი აქტიურად არის ჩართული პროცესში. ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას, რათა მევენახეებმა შეძლონ დროულად ჩააბარონ, დააბინაონ მათი მოსავალი და გაზრდილი შემოსავალი მიიღონ. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ყურძნის მინიმალური ფასი 8 ლარია. სწორედ ამ ფასში შეუძლიათ მევენახეებს ყურძნის ჩაბარება და აქედან 4 ლარი სახელმწიფო სუბსიდიაა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ამასთან ერთად, საფერავის ჭარბი მოსავლის პირობებში მისი დროული დაბინავებისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე 1.50-ზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას 1.50-სა და მიღებულ საფასურს შორის.