თბილისი (GBC) – Apple აშშ–ის ბაზრისთვის განკუთვნილი iPhone–ის საწარმოს ჩინეთიდან ინდოეთში გადატანას გეგმავს. ამის შესახებ Financial Times კომპანიაში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს. მიზეზად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა და ჩინეთთან სავაჭრო ომი სახელდება, რაც წარმოებას რისკებს უქმნის.

Apple აჩქარებს ჩინეთიდან საწარმოო სიმძლავრეების გატანის პროცესს და 2026 წლის ბოლოსთვის ინდოეთში 60 მლნ iPhone–ის წარმოებას გეგმავს, რომლებიც ამერიკის ბაზარზე გაიყიდება. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება საწარმოს დღევანდელ წარმადობას.

წარმოების გადატანას ასევე ხელს უწყობს აშშ–სა და ინდოეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი. ინდოეთთან დაბეგვრის საკითხებზე მოლაპარაკებებში ძალიან კარგი შედეგის მიღწევის შესახებ აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმაც განაცხადა.