თბილისი (GBC) – ხვალ, 7 თებერვალს ჩანიშნული აზერბაიჯანის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიამ ნამდვილი პოლიტიკური დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. ამომრჩეველს არ ჰქონდა ალტერნატიული პოლიტიკური შეხედულებების მქონე კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, განაცხადა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „არჩევნების მონიტორინგის და დემოკრატიის სწავლების ცენტრი“.

„ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩანიშვნამ მასში ჩართვა გაურთულა ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს და სახელმწიფოს მეთაურობის პოტენციურ პრეტენდენტებს, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო სადამკვირვებლო სტრუქტურებს“, – ციტირებს აზერბაიჯანული მედია ზემოხსენებული ცენტრის თავმჯდომარეს ანარ მამედლის.

მისი თქმით, წინასაარჩევნო აგიტაცია ვერ ჩამოყალიბდა ნამდვილ კონკურენციად პოლიტიკურად დაპირისპირებულ ძალებს შორის. „საზოგადოებრივ მაუწყებელზე ორგანიზებულ 6 ტელედებატში მოქმედ პრეზიდენტს მონაწილეობა არ მიუღია. მას ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე წარმოადგენდა. დანარჩენი ექვსი კანდიდატი კი არ აკრიტიკებდა სახელმწიფოს მეთაურს, ვერ წარმოაჩენდნენ თავს ოპონენტებად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პარტიების წარმომადგენლებად. ამდენად, ვერ შეიქმნა პოლიტიკური ალტერნატივის ატმოსფერო, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წინაპირობაა“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ერთ–ერთმა ტრადიციულმა ოპოზიციურმა პარტიამ, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე და მისი ბოიკოტირების მოწოდებით გამოვიდა.

„აზერბაიჯანში საზოგადოებისთვის საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის პირობები არ არსებობს. მოქალაქეთა ყველა ფუნდამენტური უფლება უხეშად ირღვევა – არ არსებობს ოპოზიციური პარტიებისთვის ფუნქციონირების ნორმალური პირობები, ქვეყანაში პრაქტიკულად აკრძალულია მიტინგები, მედია ხელისუფლების პრესინგის ქვეშაა. ტელევიზიას და რადიოს რეჟიმი აკონტროლებს. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ლიდერებს მკაცრად დევნიან, სულ უფრო იზრდება პოლიტპატიმრების რაოდენობა. ჟურნალისტების და ოპოზიციური მოღვაწეების პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებები არჩევნების გამოცხადების შემდეგაც გაგრძელდა. ეს ყველაფერი და ხელისუფლების სრული კონტროლი საარჩევნო ადმინისტრაციაზე აზრს უკარგავს ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობა, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ“, – აცხადებს კერიმლი.

არჩევნებში მონაწილეობაზე კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ „მუსავათმა“ თქვა.

„ყოველგვარი წინასწარი საჯარო განხილვების გარეშე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით ხელისუფლებამ პოლიტიკურ ოპოზიციას მინიმუმამდე შეუმცირა შანსები“, – აცხადებს მუსავათის ლიდერი არიფ გაჯილი.

მისივე თქმით, „პარტიის ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა უაზრობაა“.

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც ხვალ, 7 თებერვალს გაიმართება, ხმის მიცემის უფლება 6 320 500 მოქალაქეს აქვს. ქვეყანაში 125 საარჩევნო ოლია, საარჩევნო უბნების რაოდენობა კი – 6 319.

პრეზიდენტობის კანდიდატები არიან:

1. ილჰამ ალიევი, მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ კანდიდატურა და ამავე პარტიის თავმჯდომარე;

2. რაზი ნურულაევა, პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი;

3. ზაჰიდ ორუჯი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;

4. გუდრატ ჰასანკულიევი, პარტია ერთიანი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის თავმჯდომარე;

5. ფაზილ მუსტაფა. პარლამენტის დეპუტატი;

6. ელშად მუსაევი, პარტია „დიდი აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელი;

7. ფუად ალიევი, ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი.