თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე 8,4 მლრდ მანათია (თითქმის $5 მლრდ) გათვლილი, რაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 20,3%–ს უდრის. 

აზერბაიჯანის პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტროს საიტზეა ატვირთული.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების“ პუნქტში გათვალისწინებული ხარჯები შემდეგი მიმართულებებითაა გაწერილი: თავდაცვის ძალები – 2,66 მლრდ მანათი, ეროვნული უსაფრთხოება – 467 მლნ მანათი, სასაზღვრო სამსახური – 540 მლნ მანათი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში კვლევები – 5,3 მლნ მანათი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში სხვა საქმიანობები – 4,7 მლრდ მანათი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული მიმართულებით 7 მლრდ მანათი იყო გათვალისწინებული ($4,2 მლრდ). შესაბამისად, ამ მუხლის ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში 17,8%–ით არის გაზრდილი.

აზერბაიჯანის მომავალი წლის ბიუჯეტში შემოსავლები 38,3 მლრდ მანათს ($22,5 მლრდ) შეადგენს, ხარჯები კი 41,4 მლრდ მანათს ($24,1 მლრდ). ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 5,3%–ით და 4,1%–ით აღემატება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების პროგნოზებს.

მიმდინარე კურსით, 1 აშშ დოლარი 1,7 აზერბაიჯანული მანათი ღირს.