თბილისი (GBC) - ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (Coreper) 22 აპრილის სხდომის დღის წესრიგში, უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გარდა, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტიც შეიტანეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
წყაროებზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს, რომ ორივე საკითხი ევროკავშირის ელჩების დღის წესრიგში დამატებულია, როგორც „საკითხები განხილვის გარეშე".
თუ უნგრეთისა და სლოვაკეთის ელჩები, რომლებიც მანამდე ბლოკავდნენ კრედიტსა და სანქციებს, პრინციპულად არ წავლენ ამ გადაწყვეტილებების მიღების წინააღმდეგ, მაშინ მათი დამტკიცების მიზნით წერილობითი პროცედურა გამოცხადდება.
წერილობითი პროცედურა, როგორც წესი, 24 საათს გრძელდება (სავარაუდოდ, ის 23 აპრილის დილამდე გაგრძელდება). ამავდროულად, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა უფრო ადრეც იქნეს მიღებული, თუ ყველა სახელმწიფო დოკუმენტს ხელს მოაწერს. იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთისა და/ან სლოვაკეთის ელჩები შენიშვნებს გამოთქვამენ (მაგალითად, თუ მათთვის პრინციპული იქნება დაელოდონ რუსული ნავთობის ფიზიკურ მიღებას „დრუჟბას“ ნავთობსადენით), ორივე საკითხის განხილვა გადაიდება.
21 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ შეაკეთა ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომელიც 2026 წლის იანვარში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა მხარი დაუჭიროს სანქციების მე-20 პაკეტს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა „რუსული ნავთობი სლოვაკეთში „დრუჟბას“ მილით შევა“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ასევე განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის 90 მილიარდიან კრედიტს მხოლოდ „დრუჟბათი“ ნავთობის მიწოდების აღდგენის შემდეგ განბლოკავს.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა 21 აპრილს ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოესი 24 საათის განმავლობაში მიიღებენ.