თბილისი (GBC) – ბრიტანელი ლეიბორისტებისთვის დასრულდა ოპოზიციაში ყოფნის 14-წლიანი პერიოდი. 4 ივლისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლეიბორისტულმა პარტიამ 650-წევრიან თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა, 410 მანდატი მოიპოვა, რაც წინა 2019 წლის არჩევნების შედეგზე 209-ით მეტია. ამას ცხადყოფს 650-დან 644 ოლქის ოფიციალური მონაცემები, რომლებსაც BBC აქვეყნებს.

ამავე მონაცემებით, კონსერვატიულ პარტიას, რომელიც ქვეყანას ბოლო 14 წლის განმავლობაში მართავდა, თემთა პალატაში 119 დეპუტატი ეყოლება. წინა არჩევნებთან შედარებით, კონსერვატორებმა 248 მანდატი დაკარგეს.

71 ადგილი ერგო ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას (+63), 9 შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას(-38) და 7 ირლანდიელების პარტია „შინ ფეინს“. კიდევ 28 მანდატი განაწილდება სხვა პარტიებზე. მათ შორის თემთა პალატის წევრი პირველად გახდა პოპულისტური „რეფორმების“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი.

ლეიბორისტების მიერ თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება ამ პარტიის ლიდერი კირ სტარმერი. ის შეცვლის კონსერვატორ რიში სუნაკს, რომელიც პრემიერი იყო 2022 წლის 25 ოქტომბრიდან.

4 ივლისის არჩევნების შედეგად რიში სუნაკი თემთა პალატის წევრი გახდა. მან იორკშირში, რიჩმონდის ოლქში გაიმარჯვა.

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის არჩევნები 650 ერთმანდატიან ოლქში, ერთ ტურად ტარდება. უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად 326 მანდატის მოპოვებაა საჭირო.

 

რადიო თავისუფლება