თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთის სამრეწველო კონფედერაციის (CBI) ანგარიშით, ქვეყანას მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა 71 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უჯდება. ინვესტიციები მიმართულია გაერთიანებული სამეფოს იმ ნაწილზე,რომლებიც ინდუსტრიულ ვარდნას განიცდიან, წერს BBC.

სამრეწველო კონფედერაციის დასკვნით, იმ ბიზნესების რაოდენობა, რომლებიც ნულოვანი ემისიებისკენ მიისწრაფვიან, 20 000-ზე მეტს შეადგენს.

დღესდღეობით ბრიტანეთში 840 000 სამუშაო ადგილია დაკავშირებული ისეთ სექტორებთან, როგორიცაა განახლებადი ენერგია და ნარჩენების მართვა.

დასკვნაში წერია, რომ შოტლანდიისა და ინგლისის რეგიონებმა, როგორიცაა Tyneside, Teeside, Merseyside და Humber, მწვანე ეკონომიკით უფრო დიდი წვლილი შეიტანეს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ ზრდაში, ვიდრე ლონდონმა და ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთმა ნაწილმა.

კვლევაში მოყვანილია შემდეგი სტატისტიკა - თუ სტანდარტული ხელფასი ბრიტანეთში წელიწადში 33,400 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, მწვანე სექტორში ეს მაჩვენებელი 42,600 გირვანქა სტერლინგს აღემატება.