თბილისი (GBC) – ევროკავშირი მზადაა ცენტრალური აზიის მიმართულებით სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობაში მონაწილეობისთვის, რომლის მეშვეობითაც რეგიონის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებს დაამყარებს. ამის შესახებ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჟოზეფ ბორელმა თავის ოფიციალურ ბლოგში დაწერა.

„ნათელია, რომ რეგიონი თავისი ურთიერთობების დივერსიფიცირებისკენ ისწრაფვის და ევროკავშირი უპირატეს პარტნიორად განიხილება“, – აღნიშნა ბორელმა და დასძინა, რომ რუსეთი და ჩინეთი კვლავაც აქტიურ როლს ასრულებენ ამ რეგიონში. მაგრამ, მისივე თქმით, ცენტრალური აზიის ქვეყნები სხვადასხვა პროგრამებსა და რეფორმებს ახორციელებენ, რითაც ერთმანეთთან ურთიერთობებს აუმჯობესებენ. „რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ამ ცვლილებებით ვისარგებლოთ“, – წერს ბორელი, რომელსაც Moscow Times ციტირებს.

ბორელის თქმით, ცენტრალური აზიის უზარმაზარი პოტენციალი მოიცავს ენერგომატარებლებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მიწოდებას. ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის ახალ სატრანსპორტო დერეფანში ბორელი ტრანსკასპიურ სატრანსპორტო მარშრუტს მოიაზრებს. ამ მიმართულების განვითარება ყაზახეთში ბორელის 16–17 ოქტომბრის ვიზიტის ფარგლებში განიხილეს.

ცენტრალურ აზიაში მოიაზრებიან ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ეს ქვეყნები ანტირუსულ სანქციებს ოფიციალურად არ შეუერთდნენ, თუმცა რეალურად ასრულებენ. „სანქცია სანქციაა, ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ ისინი, მით უმეტეს, მივიღეთ შეტყობინება, რომ სანქციების დარღვევის შემთხვევაში დასავლეთის მხრიდან მეორეული სანქციები შეეხება ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ–ჟომართ თოყაევმა.