თბილისი (GBC) – ევროჯგუფის თავმჯდომარე და ირლანდიის სახელმწიფო ხარჯების მინისტრი მასკალ დონოჰიუ მიიჩნევს, რომ ევროპა აშშ–სგან უფრო ავტონომიური ეკონომიკა უნდა გახდეს. მან ასეთი მიდგომა აშშ–ის არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებას დაუკავშირა. 

„ეკონომიკის კუთხით უფრო ავტონომიურები უნდა გავხდეთ, გავზარდოთ ევროპის ბაზრის ეფექტიანობა, რათა უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ და გავუმკლავდეთ იმ ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება ამერიკაში მოხდეს“, – თქვა პასკალ დონოჰიუმ Bloomberg-თან ინტერვიუში.

მისი ვარაუდით, ევროპასა და აშშ–ს შორის ურთიერთობებში შესაძლოა „სერიოზული პრობლემა“ წარმოიქმნას.

ამასთან, ტრამპის ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს „ევროპასთან ისტორიული მეგობრობის“ შენარჩუნება სურს. 5 ოქტომბრის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ვაშინგტონი ევროპისგან თავდაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით მეტ ავტონომიურობას მოითხოვს.