თბილისი (GBC) - ევროპული საბჭო, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, სომხეთში ახალ პარტნიორულ მისიას იწყებს. ამ საკონსულტაციო სამოქალაქო მისიის მიზანია, მხარდაჭერა აღმოუჩინოს სომხეთის ხელისუფლებას ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ ქვეყნის მედეგობის ამაღლებასა და უსაფრთხოების ცვალებად გამოწვევებზე რეაგირების შესაძლებლობების გაფართოებაში. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სომხური მედია წერს, რომ მანამდე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაამტკიცებდნენ სომხეთში ევროკავშირის ახალი მისიის შექმნას ჰიბრიდულ საფრთხეებთან დასაპირისპირებლად.

„ჩვენ ასევე შევთანხმდებით სომხეთისთვის ახალ პარტნიორულ მისიაზე ჰიბრიდულ საფრთხეებთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან საბრძოლველად, რომლებსაც ის რეალურად აწყდება“, - განაცხადა კაია კალასმა.

აღნიშნულია, რომ მისია ოფიციალურად 2026 წლის 21 აპრილს შეიქმნა, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთის უნარს, გაუძლოს ჰიბრიდულ გამოწვევებს, მათ შორის კიბერსაფრთხეებს, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევას (FIMI), ასევე უკანონო ფინანსური ნაკადების კონტროლს.

კერძოდ, მისია სომხეთის სხვადასხვა ეროვნულ ინსტიტუტს ამგვარ საფრთხეებთან დასაპირისპირებლად სტრატეგიულ კონსულტაციებს, ტექნიკურ ექსპერტიზასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას შესთავაზებს.

გარდა ამისა, მისია გასცემს პრაქტიკულ ოპერატიულ რეკომენდაციებს და შექმნის სპეციალურ საპროექტო ჯგუფს, რომელიც თავისი მანდატის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიზნობრივ ოპერაციებს განახორციელებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ EUPM (ევროკავშირის პარტნიორული მისია) სომხეთში იმოქმედებს როგორც აღმასრულებელი უფლებამოსილების არმქონე მისია და მას არანაირი როლი არ ექნება სომხეთის ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„გასულ კვირას ევროკავშირმა სომხეთს რუსული ზეწოლის დასაპირისპირებლად ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის ფართომასშტაბიანი პაკეტი წარუდგინა. დღეს ჩვენ ადგილზე ევროკავშირის ახალ მისიას ვშლით. ევროკავშირის ექსპერტები მხარს დაუჭერენ სომხეთის ხელისუფლებას კიბერსაფრთხეებთან, დეზინფორმაციასა და უკანონო ფინანსურ ნაკადებთან ბრძოლაში. ევროკავშირი მედეგი, დამოუკიდებელი სომხეთისა და სომეხი ხალხის საკუთარი ბედის არჩევის უფლების უდიდესი დამცველია. ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ სომხეთი გარე იძულების წინაშე მარტო არ დარჩეს“, - განაცხადა კაია კალასმა.

პარტნიორული მისია სომხეთის მთავრობის თხოვნით შეიქმნა და წარმოადგენს ევროკავშირის უფრო ფართო და თანმიმდევრული მიდგომის ნაწილს, რომელიც აერთიანებს მოკლევადიან და გრძელვადიან მხარდაჭერას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ასახავს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას ქვეყნის მედეგობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერისადმი.

სტრატეგიული კონსულტაციების, სპეციალიზებული ექსპერტიზისა და შესაძლებლობების გაძლიერების გზით, მისია დაეხმარება სომხეთს უკეთ აღკვეთოს, გამოავლინოს და მოახდინოს რეაგირება ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ქვეყნის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით. მისიის პირველადი მანდატი ორ წელს შეადგენს და მის შემადგენლობაში ძირითადად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მივლინებული ექსპერტები შევლენ.

მისიას უხელმძღვანელებს კოსმინ გეორგე დინესკუ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2026 წლის 11 ივნისს დაინიშნა. მანამდე მას მოლდოვის რესპუბლიკაში ევროკავშირის პარტნიორული მისიის პირველი ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

„2025 წლის 2 დეკემბერს ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი. ევროკავშირსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველ და გაფართოებულ პარტნიორობის შეთანხმებაზე დაყრდნობით, სტრატეგიული დღის წესრიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ურთიერთობების გაღრმავებისკენ, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია თანამშრომლობის გაძლიერება ჰიბრიდულ საფრთხეებთან, ინფორმაციით გარე მანიპულირებასა და ჩარევასთან ბრძოლაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ უმაღლესი წარმომადგენლისადმი 2025 წლის 12 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ევროკავშირს შესთავაზა სომხეთში სამოქალაქო მისიის წარგზავნა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში.

ევროპული საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალი პარტნიორული მისია უკვე მეორეა სომხეთში, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლიდან სომხეთის რესპუბლიკაში ასევე მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარს აპატრულირებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ახალი მისია სადამკვირვებლო მისიისგან დამოუკიდებელია და არანაირი კავშირი არ აქვს მის საქმიანობასთან.