თბილისი (GBC) – Politico წერს, რომ თუ ევროპული მთავრობები მანამდე ვერ აცნობიერებდნენ, რომ დონალდ ტრამპის მუქარა გრენლანდიის ხელში ჩაგდების შესახებ სერიოზული იყო, ახლა მათ ეს უკვე იციან. Politico-ს ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა განუცხადა, რომ "ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ტრამპთან პირდაპირი დაპირისპირებისთვის, ის აგრესიულ რეჟიმშია".

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 7 იანვარს განაცხადეს, რომ გრენლანდიის „დაპყრობა არ შეიძლება“, მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა კვლავ წამოჭრა სამხედროების მიერ მისი ხელში ჩაგდების შესაძლებლობა.

Politico-ს ინფორმაციით, ევროპელი პოლიტიკოსები აღარ უგულებელყოფენ აშშ-ის პრეზიდენტის გაძლიერებულ რიტორიკას და სასოწარკვეთილად ეძებენ გეგმას მის შესაჩერებლად.

„სასწორზე დევს კითხვა, თუ როგორ შეიძლება ევროპის, ევროკავშირის გაძლიერება, რათა შეაჩეროს საფრთხეები, მისი უსაფრთხოებისა და ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მცდელობები. გრენლანდია არ იყიდება და არც მისი აღებაა შესაძლებელი. ამიტომ მუქარები უნდა შეწყდეს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ“.

Politico-მ აღწერა ის ნაბიჯები, რომლებიც ტრამპმა შეიძლება გადადგას გრენლანდიის დასაკავებლად. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ვარიანტი 1: კომპრომისის პოვნა

ტრამპი ამტკიცებს, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის და დანიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის არ აკეთებს საკმარისს არქტიკაში ჩინეთისა და რუსეთის გაზრდილი სამხედრო აქტივობისგან დასაცავად.

მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმება, სადაც ტრამპი მიიღებს იმას, რასაც საკუთარ ამომრჩეველს „გამარჯვებად“ მიჰყიდის, ხოლო დანია და გრენლანდია სახეს შეინარჩუნებენ, შესაძლოა კრიზისიდან გამოსავლის ყველაზე სწრაფი გზა იყოს.

NATO-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ალიანსს შეუძლია შუამავლის როლი შეასრულოს გრენლანდიას, დანიასა და აშშ-ს შორის, ისევე, როგორც ეს გაუკეთებია თურქეთსა და საბერძნეთს შორის დავების დროს.

NATO-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტეკერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტრამპი და მისი მრჩევლები არ მიიჩნევენ გრენლანდიას სათანადოდ დაცულად: „ყინულის დნობასთან ერთად არქტიკული მარშრუტები იხსნება... გრენლანდია ხდება ძალიან სერიოზული უსაფრთხოების რისკი აშშ-ის კონტინენტური ნაწილისთვის“.

NATO-ს მოკავშირეები ასევე განიხილავენ ახალ წინადადებებს ტრამპისთვის, რამაც შეიძლება გააძლიეროს გრენლანდიის უსაფრთხოება, მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ რუსული და ჩინური გეგმებისგან მომდინარე საფრთხე გადაჭარბებულია.

NATO-ს სამი დიპლომატის თქმით, სხვა წინადადებებთან ერთად, ალიანსმა უნდა განიხილოს არქტიკაში თავდაცვის ხარჯების დაჩქარება, რეგიონში მეტი სამხედრო სწავლების ჩატარება და, საჭიროების შემთხვევაში, ჯარების განლაგება გრენლანდიის დასაცავად და აშშ-ის დასამშვიდებლად. ალიანსი ასევე მზად უნდა იყოს „Arctic Sentry“-ს (არქტიკის გუშაგის) სქემის შესაქმნელად, რაც გულისხმობს სამხედრო რესურსების რეგიონში გადასროლას, მათი აღმოსავლეთ და ბალტიისპირეთის ინიციატივების მსგავსად.

ვარიანტი 2: გრენლანდიისთვის დიდი რაოდენობით ფულის მიცემა

ტრამპის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა გრენლანდიის დამოუკიდებლობის მოძრაობას. მათი გზავნილია: თუ არქტიკული ტერიტორია დატოვებს დანიის სამეფოს და გააფორმებს შეთანხმებას აშშ-სთან, ის ამერიკული ფულით აივსება.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა არაერთხელ თქვა უარი სამხედრო ძალის გამოყენების გამორიცხვაზე, ის ასევე ამტკიცებს, რომ სურს გრენლანდია ნებაყოფლობით შეუერთდეს მას. ევროკავშირი და დანია ცდილობენ დაარწმუნონ გრენლანდიელები, რომ მათ უკეთესი პირობების შეთავაზება შეუძლიათ.

ბრიუსელი გეგმავს 2028 წლიდან გრენლანდიაზე დახარჯული თანხა გააორმაგოს. სექტემბერში გამოქვეყნებული ევროკომისიის პროექტის მიხედვით, ევროკავშირი თითქმის გააორმაგებს ხარჯებს გრენლანდიაზე 530 მილიონ ევრომდე 2028 წლიდან დაწყებული შვიდწლიანი პერიოდისთვის. ეს ემატება იმ თანხას, რომელსაც დანია ისედაც უგზავნის გრენლანდიას.

ვარიანტი 3: ეკონომიკური საპასუხო დარტყმა

ევროკავშირს აქვს ერთი ძლიერი პოლიტიკური ინსტრუმენტი: „ანტიიძულების ინსტრუმენტი“ (Anti-Coercion Instrument), რომელიც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის შემდეგ შეიქმნა. ის ევროკავშირს საშუალებას აძლევს საპასუხო ზომები მიიღოს სავაჭრო დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

„ჩვენი ექსპორტი აშშ-ში 600 მილიარდ ევროზე მეტია და ამ საქონლის დაახლოებით მესამედზე ჩვენი ბაზრის წილი 50 პროცენტზე მეტია. სრულიად ნათელია, რომ ეს ძალა ჩვენს ხელშია“, - განაცხადა ბერნდ ლანგემ, ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვარიანტი 4: ჯარების განლაგება 

თუ აშშ მაინც გადაწყვეტს გრენლანდიის სამხედრო ძალით დაკავებას, ევროპელებს ამის აღსაკვეთად ბევრი არაფერი შეუძლიათ.

თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით, შესაძლოა დანია იძულებული გახდეს სამხედრო პასუხი გასცეს. 1952 წლის ბრძანების თანახმად, „დანიის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში,“ ჯარებმა „დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ბრძოლა ბრძანების მოლოდინის გარეშე“.

ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა განიხილონ გრენლანდიაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა (დანიის მოთხოვნის შემთხვევაში), რათა გაზარდონ აშშ-ის მხრიდან სამხედრო მოქმედების პოტენციური „ფასი“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალები ვერ გაუძლებენ აშშ-ის სრულმასშტაბიან შეჭრას, ისინი იმოქმედებენ როგორც შემაკავებელი ფაქტორი.