თბილისი (GBC) - The Tribune წერს, რომ აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლატნიკმა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა არსებული ეკონომიკური მოდელი. მისი განცხადებით, გლობალიზაციამ დასავლეთს თავდაპირველი იმედები გაუცრუა და ამერიკელი დასაქმებულები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

ლატნიკის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია დავოსში ერთი მთავარი გზავნილით ჩავიდა: ათწლეულების განმავლობაში გატარებული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იყო ოფშორინგსა და იაფი მუშახელის ძიებაზე, ქვეყნის ინდუსტრიული ბაზის დაცარიელებით დასრულდა.

ვაჭრობის მდივანმა აღნიშნა, რომ პოლიტიკა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ არ არის მხოლოდ აშშ-ის შიდა მოხმარების პროდუქტი. ის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, გადახედონ საკუთარ პრიორიტეტებს: მაგალითად, ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი ფოკუსი ადგილობრივ დასაქმებულებზე უნდა გაკეთდეს.

ლატნიკის მტკიცებით, ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებზე ისეთ კრიტიკულ სფეროებში, როგორიცაა მედიკამენტები და ნახევარგამტარები.

„თუ მაინც გიწევთ ვინმეზე დამოკიდებულება, სჯობს ეს თქვენი საუკეთესო მოკავშირე იყოს“, — დასძინა მან.

ევროპის კრიტიკა და ენერგოპოლიტიკა

ლატნიკმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროპის „მწვანე“ ამბიციებს. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროკავშირის მიზანი - 2030 წლისთვის მიაღწიოს „ნულოვან ემისიას“ იმ ფონზე, როდესაც კონტინენტზე ბატარეების წარმოება განვითარებული არ არის.

„რატომ ისწრაფვის ევროპა ამისკენ, როდესაც ბატარეებს არ აწარმოებს? ასეთი გადაწყვეტილებები ევროპას პირდაპირ ჩინეთზე დამოკიდებულს ხდის", - განაცხადა მან.

ლატნიკის თქმით, ეკონომიკური პოლიტიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ეროვნულ სუვერენიტეტთან და საზღვრების კონტროლთან.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 56-ე ყოველწლიური შეხვედრა 23 იანვრამდე გაგრძელდება. მასში 130-ზე მეტი ქვეყნის 3000-მდე ლიდერი მონაწილეობს. საქართველოს ხელისუფლება დავოსის ფორუმზე არც წელს მიუწვევიათ.