თბილისი (GBC) - აზერბაიჯანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იღებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევას და უერთდება მის ინიციატივას, გახდეს „მშვიდობის საბჭოს“ წევრი. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყებამ განცხადება დღეს, 21 იანვარს გაავრცელა.
„აზერბაიჯანი როგორც ყოველთვის მზად არის აქტიური წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამშრომლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“, - ვკითხულობთ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„მშვიდობის საბჭოს“ უკვე შეუერთდა სომხეთიც.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა სამშაბათს განაცხადა, რომ ფაშინიანი დაეთანხმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევას.
„პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სიამოვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დათანხმდა ამ შეთავაზებას და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით სომხეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - განაცხადა ბაღდასარიანმა.
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში იმყოფებოდნენ საომარ მდგომარეობაში. კონფლიქტის მოგვარების პროცესში გარდამტეხი მომენტი გასული წლის აგვისტოში დადგა, როდესაც მხარეებმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. საბჭო წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების, მათ შორის ისრაელი-ღაზას კონფლიქტის მოგვარებას. თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.