თბილისი (GBC) - ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა 16 ივნისს განაცხადა, რომ "ირანის პარლამენტი ამზადებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს", თუმცა, უწყების წარმომადგენელი იმეორებს ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას, რომ თეირანი კვლავ რჩება მასობრივი განადგურების შეიარაღების განვითარების წინააღმდეგი.
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომიტეტმა შეიმუშავა, ის გენერალურმა ასამბლეამ 1968 წელს დაამტკიცა. ირანმა ხელშეკრულებას 1968 წელს მოაწერა ხელი, 1970 წელს კი მისი რატიფიცირება მოახდინა.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული მოლაპარაკებების გასაგრძელებლად აშშ-მა უნდა დაგმოს ისრაელის თავდასხმები ირანზე. სამინისტროს წარმომადგენელმა აშშ-ს ირანზე თავდასხმების თანამონაწილე უწოდა.
უწყებაში აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს შექმნილ ვითარებაში აზრსმოკლებულს უწოდეს.
ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს 13 ივნისის დილას დაარტყა, მოგვიანებით ირანმა ისრაელს უპასუხა.
თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაცია სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს.
ისრაელის თავდაცვის არმიის თანახმად, ოთხ დღეში ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა 370 ბალისტიკური რაკეტით და ასეულობით დრონით, რომელთა დიდი უმრავლესობა მოგერიებულია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ორშაბათს, დილის მონაცემებით, ისრაელში, საერთო ჯამში, 24 ადამიანი დაიღუპა და 592 დაშავდა, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია.
ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა.