თბილისი (GBC) - ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ესლამიმ სამშაბათს განაცხადა, რომ "ირანი ბირთვული ინდუსტრიის აღდგენას გეგმავს". მისივე თქმით, ამჟამად ირანი აფასებს ზიანს, რომელიც მიაყენეს ბირთვულ ინდუსტრიას და ემზადებიან აღსადგენად.
„გეგმა ითვალისწინებს წარმოებისა და მომსახურების პროცესში შეფერხებების თავიდან აცილებას“, – განაცხადა ესლამიმ.
მანამდე, ირანში არაერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ეყრდნობა ბირთვულ ცოდნას, რომლის განადგურება შეუძლებელია.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
„თავდაცვის სისტემები საფრთხის გასანეიტრალებლად მუშაობენ“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ჩრდილოეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენები ამუშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანმა მხოლოდ ერთი რაკეტა გაუშვა, რომელიც საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა, რასაც მოჰყვა ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებაც. როგორც გამოცემა The Times of Israel წერს, ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური დარტყმებით.
დღეს, თბილისის დროით დილის 9 საათზე, ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth-ში ახალი ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა და აქვე მხარეებს შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა.