თბილისი (GBC) - ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას მკაცრად გმობს და ელენე ხოშტარიასა და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან ერთად, იმ პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას მოითხოვს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციისა და აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებზე.

დოკუმენტში „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო. ასევე, გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას“.

ევროპარლამენტი „გმობს, მიღებული ცნობების თანახმად, დაკავების დროს ხოშტარიას წინააღმდეგ გამოყენებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. მოითხოვს მისი და ყველა სხვა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით. მოითხოვს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ გაუქმებას“.

ევროპარლამენტი „დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“.

ასევე, ევროპარლამენტი „დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სანდო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“.

რეზოლუციის პროექტი „მკაცრად გმობს ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური აქტივობის, სამოქალაქო პროტესტისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შემზღუდველი კანონმდებლობის განგრძობად მიღებას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ეს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიების მიზნით გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სათანადო სასამართლო პროცესი“.

დოკუმენტი „ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან შეუთავსებელია“.

ევროპარლამენტი „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული ევროპული მომავლის მიმართ. მოუწოდებს კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს, რომ საფრთხის ქვეშ მყოფ ქართველ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარდაჭერა გაუწიონ და დაცვა აღმოუჩინონ“.

ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, დევნასა და ძალადობაზე“.

გუშინ, 11 მარტს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

აღნიშნულ საკითხზე მიღებულ რეზოლუციას ევროპარლამენტარები დღეს უყრიან კენჭს.