თბილისი (GBC) – კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ, დავოსში სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოს „საშუალო სახელმწიფოებს“ მოუწოდა, თვალი გაუსწორონ რეალობას, სადაც ზესახელმწიფოები აღარ იცავენ დიპლომატიურ ტრადიციებს და ეკონომიკურ ინტეგრაციას იარაღად იყენებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ მას ტრამპის სახელი არ უხსენებია, მისი კრიტიკა აშკარად ვაშინგტონის ახალი კურსისკენ იყო მიმართული", - წერს Washington Post.

კარნის მტკიცებით, „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“ აღარ ფუნქციონირებს და წარსულში მის არსებობას აწმყოდან ნოსტალგიით არ უნდა ვუყუროთ.

კანადის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ დიდმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ტარიფების ბერკეტად, ხოლო მიწოდების ჯაჭვების - სუსტ წერტილებად გამოყენება.

„საშუალო ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ მაგიდასთან არ ვზივართ, მაშინ მენიუში აღმოვჩნდებით,“ - განაცხადა კარნიმ. მისი თქმით, ქვეყნებმა უნდა შექმნან „მესამე გზა“ და არ ეძებონ მხოლოდ "დიდი სახლემწიფოების" კეთილგანწყობა.

კარნის სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა მის განცხადებას გრენლანდიისა და დანიის მხარდაჭერის შესახებ. ტრამპის მცდელობას, შეიძინოს გრენლანდია და დააწესოს ტარიფები იმ ქვეყნებზე, რომლებსაც იქ ჯარები ჰყავთ, კარნიმ მკაფიო პოზიციით უპასუხა: "კანადა მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან ჩრდილოეთ და დასავლეთ ფლანგების დასაცავად და მხარს უჭერს გრენლანდიის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი".

არსებული ეკონომიკური მოდელი მკაცრად აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლატნიკმაც გააკრიტიკა. მისი განცხადებით, გლობალიზაციამ დასავლეთს თავდაპირველი იმედები გაუცრუა და ამერიკელი დასაქმებულები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. 

ლატნიკის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია დავოსში ერთი მთავარი გზავნილით ჩავიდა: ათწლეულების განმავლობაში გატარებული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იყო ოფშორინგსა და იაფი მუშახელის ძიებაზე, ქვეყნის ინდუსტრიული ბაზის დაცარიელებით დასრულდა.

ვაჭრობის მდივანმა აღნიშნა, რომ პოლიტიკა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ არ არის მხოლოდ აშშ-ის შიდა მოხმარების პროდუქტი. ის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, გადახედონ საკუთარ პრიორიტეტებს: მაგალითად, ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი ფოკუსი ადგილობრივ დასაქმებულებზე უნდა გაკეთდეს.

ლატნიკის მტკიცებით, ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებზე ისეთ კრიტიკულ სფეროებში, როგორიცაა მედიკამენტები და ნახევარგამტარები.

„თუ მაინც გიწევთ ვინმეზე დამოკიდებულება, სჯობს ეს თქვენი საუკეთესო მოკავშირე იყოს“, - დასძინა მან.