თბილისი (GBC) – ნავთობის ფასები პარასკევის ვაჭრობაზეც ქვემოთ მიდის და შესაძლოა ზედიზედ მეორე კვირა დახუროს მინუსში იმის გამო, რომ აშშ–სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გაჭიანურება „შავ ოქროზე“ მოთხოვნაზე აისახება. ამ ორი უდიდესი ეკონომიკის შეჯახება ზრდის ტემპს ანელებს. 

თბილისის დროით 09:10 საათისთვის Brent-ის მარკის ნავთობი 0,3%–ით იკლებდა ფასში და ბარელი $63,14 ღირდა, ამერიკული WTI ამ დროისთვის 0,35%–ით იყო გაიაფებული – $59,86–მდე ბარელზე. ორივე მარკის ნავთობი სავაჭრო კვირას 4 და 3,8%–იანი კლებით ასრულებს.

ვაშინგტონსა და პეკინს შორის გაჭიანურებული სავაჭრო ომი, დიდი ალბათობით, გლობალურ ვაჭრობას შეამცირებს და არსებულ სავაჭრო მარშრუტებსაც ჩამოშლის, რაც, საბოლოო ჯამში, გლობალურ ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. ეს ორი ქვეყანა მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მომხმარებლები არიან და აღნიშნული დაპირისპირება აუცილებლად უნდა აისახოს ნედლეულზე მოთხოვნის შემცირებაზე.

ბაზრის ანალიტიკოსების აზრით, თუ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 3%–ს ჩამოსცდება, ნავთობის მოხმარება 1%–ით შემცირდება.

აშშ–ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველომ ხუთშაბათს გლობალური ეკონომიკური ზრდისა და აშშ–ში ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი დასწია. ამის მიზეზად კი სატარიფო ომი დაასახელეს.