თბილისი (GBC) – ოქროს ფასმა ხუთშაბათს დილით ისტორიაში პირველად გადააჭარბა 2 500 ამერიკულ დოლარს უნციაზე. ამას წინ უძღოდა ფედრეზერვის მიერ განაკვეთის უცვლელად დატოვება და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება.

დილის 08:30 საათისთვის ოქროს ფასი ნიუ–იორკის ბირჟაზე Comex, დეკემბერში მიწოდების პირობით, 0,7%–ით (+$17,2) გაიზარდა და $2 490.2–ს მიაღწია. მანამდე, ვაჭრობის მიმდინარეობისას, ოქროს ფასი პირველად ასცდა $2 500–ს.

ოთხშაბათს საღამოს ფედრეზერვის ივლისის სხდომის შედეგები გამოქვეყნდა. რეგულატორმა ზედიზედ მერვეჯერ შეინარჩუნა საპროცენტო განაკვეთი წლიურ 5,25–5,5%–ის ნიშნულზე. ფედრეზერვის მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ აისახება დოლარზე, რაც ოქროს ფასზეც ახდენს გავლენას.