თბილისი (GBC) - Reuters სამ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთზე ზეწოლის სტრატეგიებზე მუშაობდა უკრაინასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაჩქარების მიზნით". გამოცემის ცნობით, სამუშაო ჯგუფი გაზაფხულზე შეიქმნა, როდესაც ტრამპის განცხადებები კრემლის მიმართ კრიტიკული იყო.

Reuters აღნიშნავს, რომ ჯგუფი განიხილავდა, თუ როგორ შეეძლო აშშ-ს, წაეხალისებინა ან ზეწოლა მოეხდინა პოსტსაბჭოთა, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებზე, რათა შეზღუდულიყო საქონლისა და ენერგორესურსების მიწოდება როგორც რუსეთიდან ექსპორტის, ისე იმპორტის მხრივაც.

Reuters წერს, რომ ტრამპის მხრიდან კრემლის მიმართ დამოკიდებულების შეცვლის გამო ჯგუფი სულ უფრო მეტად კარგავდა მნიშვნელობას.

„ბოლოს ის შეჩერდა, რადგან პრეზიდენტი ამ ჯგუფს მხარს არ უჭერდა“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

გამოცემის ცნობით, ამ სამუშაო ჯგუფის არსებობა ადრე გამჟღავნებული არ იყო და ის ჩამოყალიბდა ან - მარტში ან - აპრილში, იმ დროს, როდესაც ტრამპის ზოგიერთი მრჩეველი სულ უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებდა კრემლის მზადყოფნას, გარიგების მიღწევის შესახებ, ხოლო ტრამპის რიტორიკა პუტინის მიმართ იყო "მკაცრი".

Reuters წყაროები ამტკიცებენ, რომ საბოლოო დარტყმა იყო რამდენიმე კვირის წინ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრების უმეტესობის, მათ შორის, უკრაინაში ომის საკითხზე მომუშავე მთელი გუნდის გათავისუფლება, რომელიც ფართომასშტაბიანი წმენდის ფარგლებში მოხდა.

Reuters ასევე წერს, რომ უცნობია, იცოდა თუ არა თავად დონალდ ტრამპმა ამ ჯგუფის შექმნის ან დაშლის შესახებ.