თბილისი (GBC) – რუსეთის მთავრობა არ აპირებს მეანაბრეებისთვის ფულის წართმევას და ამ ფულით ეკონომიკის დაფინანსებას. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკში განაცხადეს. „ეს უაზრობაა. ეს ფული ისედაც მუშაობს ეკონომიკაზე. იმ თანხებიდან, რომლებიც კომპანიებმა და მოქალაქეებმა ანაბრებზე განათავსეს, ბანკები აკრედიტებენ მათ, ვინც ხედავენ ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობას აქ და ახლა. ასევე გაიცემა სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები, საკრედიტო ბარათები“, – აღნიშნეს რუსეთის ბანკში.
რეგულატორში ისიც თქვეს, რომ ინფლაციასთან ბრძოლაში რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ზრდის სანაცვლოდ ანაბრების გაყინვის გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. რუსეთის ბანკის რეფინანსირების განაკვეთი ამ მომენტში 21%–ს შეადგენს.
„ასეთი ვარაუდები მიუთითებს ინფლაციის შეკავების მექანიზმების სრულ არცოდნაზე“, – განმარტეს რეგულატორში.
რუსეთის ბანკში განაცხადეს, რომ ანაბრების გაყინვის „აბსურდული“ იდეის განხორციელება „საბანკო სისტემის საფუძვლებს ჩამოშლის“.
რუსეთის ბანკებში განთავსებული ტრილიონობით რუბლის მოცულობის ანაბრების გაყინვის ინიციატივა ნოემბერში რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის სოციალურ–ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ალეკსეი ზუბეცმა გააჟღერა. მისი აზრით, ასეთ გადაწყვეტილებაზე მთავრობა შესაძლოა წავიდეს „გაცოფებული ინფლაციის“ საფრთხის ფონზე.
როსსტატის მონაცემებით2024 წლის ოქტომბერში რუსეთის მოქალაქეებს ბანკებში 75 ტრილიონი რუბლის ანაბრები ჰქონდათ განთავსებული.