თბილისი (GBC) – სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 13 თებერვლის გამთენიისას ორმხრივად გაიხსნა ცეცხლი. არის მსხვერპლი.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა 13 თებერვალს 05:30 საათიდან გახსნეს ცეცხლი ნერკინ ხანდის რაიონში განლაგებული სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით.
„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად სომხურ მხარეს, წინასწარი მონაცემებით, ორი დაღუპული და რამდენიმე დაჭრილი ჰყავს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაქო საპირისპიროს ირწმუნება – ცეცხლი სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს.
„12 თებერვალს 20:50 და 23:40 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ტოვუზგალინის რაიონის დასახლება ჩინარლის მხრიდან აზერბაიჯანული არმიის პოზიციებზე ტოვუზის რაიონის დასახლება კოხანაბის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს ცეცხლი“, – წერს სააგენტო Trend.
აზერბაიჯანული მედია „ორი სომეხი სამხედროს განადგურების“ შესახებაც წერს, რომლებმაც „ცეცხლის შეწყვეტის პირობა დაარღვიეს და პროვოცირებას ცდილობდნენ“.
12 თებერვალს შუადღისას ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებიდან აზერბაიჯანის მესაზღვრეების მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც ერთი მესაზღვრე დაიჭრა.
ერევანში ამბობენ, რომ ვითარებაში ერკვევიან. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სარდლობის წერილობით ბრძანებებში მკაფიოდ არის განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს, ვითარების შეფასების შემდეგ, შეუძლია ან/და ვალდებულია მიიღოს ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება“.
„წინასწარი ინფორმაციით, 12 თებერვალს ამ რაიონში ასეთი სიტუაცია არ იყო. თუ ეს გარემოება დადასტურდება, ბრძანების დამრღვევი პასუხისგებაში მიეცემა“, – განაცხადეს სომხეთის თავდაცვის უწყებაში.
სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში პირველად დაიძაბა.