თბილისი (GBC) – რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მცდელობა, მეტი გაზი გაეყიდა ჩინეთში, ჩიხში შევიდა. 50 მლრდ კბ/მ სიმძლავრის პროექტის „ციმბირის ძალა 2“ ნათვლად, რომლის მშენებლობის დაწყებასაც კრემლი უკვე 7 წელია ცდილობს, პეკინი პრიორიტეტს თურქმენეთიდან ახალი გაზსადენის მშენებლობას მიანიჭებს პრიორიტეტს. ამის შესახებ სააგენტო Reuters ჩინელ მაღალჩინოსნებზე და ქვეყნის ნავთობისა და გაზის სექტორის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
იმის მიუხედავად, რომ თურქმენული გაზი ჩინეთს 30%–ით ძვირი უჯდება რუსულ გაზთან შედარებით და აშხაბადთან ფასდაკლების მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, პეკინმა მწვანე შუქი აუნთო პროექტს „ხაზი D“, რომლის მეშვეობითაც თურქმენეთი ჩინეთს ყოველწლიურად 30 მლრდ კბ/მ გაზს მიაწვდის.
სააგენტოს ერთ–ერთი წყაროს თქმით, ჩინეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციამ გასულ კვირაში დაიწყო 200 კმ სიგრძის ინტერკონექტორის მშენებლობის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. მილსადენი ყირგიზეთთან მოსაზღვრე სინცზიანის პროვინციიდან ჩინეთის ქალაქ უცზიამდე მივა, სადაც მიღების პირველი პუნქტი განთავსდება.
„ეს ნიშნავს, რომ ხაზი D მზადდება“, – აღნიშნა სააგენტოს წყარომ და დასძინა, რომ ჩინეთი შიდა მაგისტრალის მშენებლობას, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყებს.
2022 წელს ჩინეთმა სამი მოქმედი მილსადენით თურქმენეთიდან 35 მლრდ კბ/მ გაზი მიიღო, რაშიც $10,3 მლრდ გადაიხადა. 2019 ამოქმედებული „ციმბირის ძალიდან“ კი ცისქვეშეთმა 16 მლრდ კბ/მ მიიღო, $4 მილიარდად.