თბილისი (GBC) – სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების ფონზე თურქეთში 37 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც სოციალურ ქსელებში პროვოკაციული პოსტების გამოქვეყნებაში ადანაშაულებენ.

„კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და უსაფრთხოების ქვეგანყოფილებების კოორდინირებული ოპერაციის შედეგად, სოციალურ ქსელებში 261 ანგარიში გამოვლინდა, მათ შორის 62 უცხოეთში, რომელთა მფლობელებიც პროვოკაციულ პოსტებს აქვეყნებდნენ. დაკავებულია 37 ადამიანი“, – წერს თურქეთის შს მინისტრი ალი არლიკაია სოციალურ ქსელში X.

დაკავებულებმა ჩვენება უკვე მისცეს. ოპერაცია დანარჩენი პირების დასაკავებლად გრძელდება.

სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრია, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 19 მარტს დილით დააკავა. მანამდე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი სხვადასხვა დარღვევების გამო ბათილად ცნო და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოართვა. სტამბოლის მერის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა. ათასობით ადამიანი მერიის წინ შეიკრიბა და შეძახილებით: "ერდოღანო, დიქტატორო!" და "იმამოღლუ, შენ მარტო არ ხარ"!

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სტამბოლის უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა.

ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება თურქეთის ეროვნულ ვალუტაზეც მკვეთრად აისახა. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ოთხშაბათს რეკორდული მოცულობის უცხოური ვალუტა გაყიდა, მას შემდეგ, რაც სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებას ლირას 12%–იანი გაუფასურება მოჰყვა.

სააგენტო Reuters სამ თურქ ბანკირზე დაყრდნობით ოთხშაბათს, დღის პირველ ნახევარში წერდა, რომ ცენტრალურმა ბანკმა სულ მცირე $5 მლრდ–ის უცხოური ვალუტა გაყიდა, თუმცა, ზოგიერთი ბანკირის დაანგარიშებით, დღის განმავლობაში ბანკის სავალუტო ინტერვენციამ შესაძლოა $10 მლრდ–ს მიაღწიოს.

Reuters წერდა, რომ თურქეთის ცენტრალურ ბანკში მიმდინარე პროცესების კომენტარისგან თავი შეიკავეს.

ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში თურქეთის სავალუტო ბაზარზე ლირას კურსი დოლართან წყვილში 36.58 ნიშნულზეა დასტაბილურებული.