თბილისი (GBC) - POLITICO-ს ინფორმაციით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი დრონებით იერიშების კამპანიას საგრძნობლად აფართოებს. თუ ომის წინა ეტაპებზე კიევის სამიზნეს ძირითადად სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა, ახლა დარტყმების არეალი რუსეთის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურასა და მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრებზეც გავრცელდა.
გამოცემის ცნობით, ივლისიდან მოყოლებული უკრაინულმა ძალებმა ინტენსიური იერიშები მიიტანეს რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე, ასევე ონლაინ-ვაჭრობის გიგანტის, Wildberries-ის საწყობებზე.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, აღნიშნული ლოგისტიკური ქსელები ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან აგრესორი მათ სანქცირებული კომპონენტების შეძენისა და არმიის მომარაგებისთვის იყენებს.
სამიზნეების ცვლილებასთან ერთად, რუსეთის ტერიტორიაზე იზრდება მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მაჩვენებელიც.
გაეროს მონაცემებით, თუ 2025 წელს რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებს 253 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 2026 წლის მხოლოდ ივლისის თვეში ეს მაჩვენებელი 79 დაღუპულამდე და 601 დაშავებულამდე გაიზარდა.
ექსპერტები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი თანმდევი ზიანია (collateral damage) და არა განზრახ მიზანი, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც სისტემატურად უტევს უკრაინის საცხოვრებელ კვარტალებსა და ენერგოინფრასტრუქტურას.
POLITICO-ს შეფასებით, ტაქტიკის ცვლილება შესაძლებელი გახდა უკრაინის მიერ საკუთარი შორ მანძილზე მოქმედი დრონების წარმოების მკვეთრი ზრდით.
ამასთან, აშშ-ის სამხედრო დახმარების შემცირებამ შეამცირა ვაშინგტონის პოლიტიკური ბერკეტებიც კიევის სამხედრო გადაწყვეტილებებზე. თუმცა, დასავლელი დიპლომატების ნაწილი შიშობს, რომ სამოქალაქო ობიექტებთან ახლოს იერიშების ინტენსივობის ზრდამ შესაძლოა რუსეთის მოსახლეობაში წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გაძლიეროს ან დასავლეთის მხარდაჭერის დონეზე მოახდინოს გავლენა.
