თბილისი (GBC) – აშშ–ის და ჩინეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ლონდონში უმაღლეს დონეზე გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად კონსენსუსს მიაღწიეს. ამის შესახებ NBC News იუწყება.
„ჩვენ შევთანხმდით ჟენევის შეთანხმების რეალიზაციის ჩარჩოზე და პრეზიდენტების სატელეფონო საუბარზე“, – განაცხადა აშშ–ის ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლიუტნიკმა.
მისივე თქმით, აშშ–ის სავაჭრო წარმომადგენელთან ჯეიმსონ გრიგთან ერთად დაბრუნდება ვაშინგტონში, რათა „დარწმუნდეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მხარს დაუჭერს“ შეთანხმებულ ჩარჩოს.
ლიუტნიკის თქმით, ჩინური შეზღუდვები აშშ–ში მიწაიშვიათი ლითონების ექსპორტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების „ფუნდამენტური ნაწილია“ და აშშ–ს აქვს მოლოდინი, რომ ეს საკითხი ამ ჩარჩო შეთანხმების რეალიზაციის პროცესში გადაიჭრება.
ლიუტნიკმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აშშ–ის მიერ დაწესებული შეზღუდვები, ჩინეთისთვის მოწინავე ტექნოლოგიების მიწოდებასთან დაკავშირებით მოიხსნება, რადგან პეკინი მზადაა მიწაიშვიათი ლითონების ექსპორტისთვის.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ–ის და ჩინეთის წარმომადგენლები დიდ ბრიტანეთში შეიკრიბნენ სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებისა და სავაჭრო ომის დეესკალაციის მიზნით.