თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კევინ მაკარტიმ 2025 წლის 1–ელ იანვრამდე დაწესებული სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის მოქმედების შეჩერების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა დაასრულეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს. 

„ეს კატასტროფული დეფოლტის საფრთხეს ანეიტრალებს, დაიცავს ჩვენი შრომით მოპოვებულ ქონებას და ეკონომიკის ისტორიულ აღორძინებას“, – თქვა ბაიდენმა კვირას.

დოკუმენტის ტექსტი 99–გვერდიანია. სახელმწიფო ვალის ლიმიტის შეჩერების გარდა, მასში მოცემულია ხარჯების შეზღუდვა, რომელიც 2024–2025 წლებზე ვრცელდება, ასევე გათვალისწინებულია კორონავირუსის პანდემიაზე გათვალისწინებული და აუთვისებელი სახსრების დაბრუნება, რაც დააჩქარებს ზოგიერთ ენერგოპროექტების და სხვა სექტორების დაფინანსებაზე ნებართვების გაცემას.

დოკუმენტის ძალაში შესვლას კონგრესის ორივე პალატის თანხმობა სჭირდება და ეს 5 ივნისამდე უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამის შემდეგ აშშ–ის ფინანსთა სამინისტრო ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას. თუ სენატი და წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერენ დოკუმენტს, აშშ დეფოლტს თავიდან აირიდებს.

Reuters წერს, რომ ზოგიერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კომპრომისი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ შეეცდებიან მის მიღებას ხელი შეუშალონ. თუმცა, მაკარტის თქმით, კონგრესმენების 95%–ზე მეტი ამ შეთანხმებას მოუთმენლად ელოდა, რესპუბლიკელების უმრავლესობა დოკუმენტს მხარს დაუჭერს.