თბილისი (GBC) – ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „რადიო თავისუფლებას“ კონგრესის მიერ აპრილის თვეში გამოყოფილი $12 მლნ უნდა გადაურიცხოს. შესაბამისი განკარგულება ფედერალურმა მოსამართლემ რაის ლამბერტმა გასცა

სასამართლომ დაასკვნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, ერთი პიროვნული გადაწყვეტილებით მოახდინოს კონგრესის მიერ „რადიო თავისუფლების“ ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხების ბლოკირება.

„რადიო თავისუფლების“ იურისტები აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შტატგარეშე მომუშავე ჟურნალისტების ყველა კონტრაქტი გაწყვიტა, უარი თქვა ქირის გადასახადზე და 122 თანამშრომელი გაათავისუფლა. თუ დაფინანსება პირველ მაისამდე არ განახლდება, მაშინ მედიაორგანიზაციის კიდევ უფრო მეტი თანამშრომელი დარჩება უსამსახუროდ.

"რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" პრეზიდენტ სტივენ კაპუსის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ "ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ". კაპუსს იმედი აქვს, რომ მედიაკორპორაცია თანხას დაუყოვნებლივ მიიღებს, რადგან აპრილში თანამშრომლების ნაწილი უკვე გაუშვეს იძულებით, ნაწილობრივ ანაზღაურებად შვებულებაში და შეამცირეს პროგრამების მოცულობა რეგიონებისთვის, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

გლობალური მედიის სააგენტოს დროებითმა მმართველობამ მარტში გამოაცხადა, რომ "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას" გაუყინა თანხა კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებიდან, დაახლოებით $77 მლნ.

ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 14 მარტს გამოცემული განკარგულება, შეამციროს შვიდი ფედერალური სააგენტო, მათ შორის USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას", ამერიკის ხმას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

"რადიო თავისუფლებამ" და "ამერიკის ხმამ" სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.