თბილისი (GBC) - რუმინეთის ნაციონალისტური პარტიის "ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის" ლიდერმა ჯორჯ სიმიონმა 4 მაისს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 95%-ის დათვლის შემდეგ, სიმიონი ხმების 40.1%-ით ლიდერობს.
ხმათა 99%-ის დათვლის მიხედვით, 18 მაისს "რუმინელთა ერთობის ალიანსის" (AUR) 38 წლის ლიდერი პრეზიდენტის პოსტზე ბუქარესტის მერს, ცენტრისტ ნიკუშორ დანის დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში ხმათა თითქმის 21% დააგროვა.
მმართველი კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გავიდა, რომელმაც არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა, თუმცა თავი აარიდა პასუხს, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს მეორე ტურში.
„მოქალაქეებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს. ვფიქრობ, ამ გამოწვევიდან აწეული თავით გამოვდივარ. ხალხის ხმა პატივისცემას იმსახურებს... თქვენ, ალბათ, გსურთ ჩემგან მოისმინოთ, ვის უნდა დავუჭირო მხარი მეორე ტურში. არ ვიცი, რას გააკეთებს კოალიცია, მე არ ვიყავი მისი წევრი. წარმოვადგინე პროგრამა, გარკვეული იდეები, ზოგიერთმა ადამიანმა ხმა მომცა. მე მოვუწოდებ მათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, რომელ კანდიდატთანაა თავსებადი ის იდეები, რომლებიც მე წარმოვადგინე. მოვუწოდებ მათ, არ დარჩნენ სახლში და მოვუწოდებ ყველას, ვინც დღეს ხმა მომცა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა კრინ ანტონესკუმ.
ანტონესკუმ ისიც აღნიშნა, რომ თავად არ აქვს რაიმე ვალდებულება რომელიმე პარტიის წინაშე.
ცნობისთვის, 4 მაისს რუმინეთში განმეორებით ჩატარებულ პრეზიდენტის არჩევნებში სულ რუმინეთს 11 კანდიდატი მონაწილეობდა. წინა ჯერზე პრეზიდენტობისთვის 13 კანდიდატი იბრძოდა.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა დიდ ვნებათაღელვა გამოიწვია მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში ყველასათვის მოულოდნელად ყველაზე მაღალი შედეგი ულტრამემარჯვენე, პრორუსმა პოლიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ აჩვენა.
ნოემბრის არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ დეკემბერში გააუქმა, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე; მიზეზად კი არჩევნებში რუსეთის ჩარევა დასახელდა.
4 მაისს გამარჯვებული ჯორჯე სიმიონი კი სადავო, ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა.
სიმიონი გარკვეულ პრეტენზიებს აცხადებს უკრაინის მიწებზე და კიევისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. იგი ემხრობა რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანებას, რისთვისაც მას აკრძალული აქვს მოლდოვაში შესვლა. უკრაინაში ის ასევე პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.
ულტრანაციონალისტი კანდიდატი ასევე ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური და ჰომოფობიური გამონათქვამებით.
24 აპრილს რუმინეთის საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, სიმიონის პარტიის წინააღმდეგ გამოძიებით დაინტერესდა.
სიმიონს ბრალდება $1,5 მლნ-ის გადახდა ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის - ვაშინგტონში სტივ ბენონის WarRoom პოდკასტსა და ჯეკ პოსობიკის სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის ორგანიზებისთვის. ვარაუდობენ, იმასაც რომ ამაში სახელმწიფოს თანხები დაიხარჯა. სიმიონი ბრალდებებს უარყოფს.