თბილისი (GBC) – ყარაბაღის ხელისუფლებამ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ 24News არაღიარებული რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობამ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას რესპუბლიკაში „ცენტრალურად“ მიიჩნევენ და ბაქოსთან კონსტრუქციული დიალოგის გამართვის განზრახვა აქვთ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროშიც განაცხადეს, რომ 20 სექტემბრიდან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებს წყვეტენ.

ყარაბაღელი სეპარატისტების ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთის სამშვიდობო ძალების შუამავლობით მიიღეს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „დე–იურე აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე მოქმედებდა“. ასეთი კომენტარი გააკეთეს კრემლში ერევნის ბრალდებებზე, სადაც რუსეთის სამშვიდობოებს ყარაბაღში უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

„ჩვენი მისამართით ასეთი პრეტენზიები მიუღებელია, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ოფიციალურად აღიარა. დე–იურე საუბარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქმედებებზე საკუთარ ტერიტორიაზე“, – აცხადებდა პესკოვი.

გუშინ, 19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირწმუნება, რომ შეწყვეტს ოპერაციას, თუ სომეხი სამხედროები იარაღს დაყრიან. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ სომხეთის არმიის ფორმირებები ყარაბაღის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.