თბილისი (GBC) – ყირგიზეთში ქალაქ ასმანის მშენებლობა 30 ივნისს დაიწყება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა განაცხადა, რომელსაც სააგენტო ქაბარი ციტირებს.

მისი თქმით, დოკუმენტაციისა და პროექტის მომზადებას 18 თვე დასჭირდა.

„მომავალ ქალაქში 500–დან 700 ათასამდე ადამიანი იცხოვრებს. ქალაქის საერთო ფართობი 4 ათასი ჰექტარი იქნება. ქალაქის მშენებლობას უცხოელი ინვესტორები დააფინანსებენ“, – თქვა ჟაპაროვმა.

ახალი ქალაქი ისიკ–კულის ტბის სანაპიროზე გაშენდება. პროექტის ავტორების ჩანაფიქრით, ასმანის მშენებლობით დედაქალაქი ბიშკეკი განიტვირთება და რეგიონში ტურიზმიც განვითარდება. ეკო–ქალაქის მშენებლობა 7–10 წელიწადში უნდა დასრულდეს.