თბილისი (GBC) – გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო წერილების თანახმად, ირანის ომი საფრთხეს უქმნის ამერიკის გლობალურ უსაფრთხოების კავშირებს და აზიანებს მის რეპუტაციას, განსაკუთრებით მსოფლიოს მუსლიმურ მოსახლეობაში.
ოთხშაბათით დათარიღებული დოკუმენტები აღწერს ომის უარყოფით შედეგებს ამერიკის პრესტიჟზე მსოფლიოს სამ სხვადასხვა ქვეყანაში: ბაჰრეინში, აზერბაიჯანსა და ინდონეზიაში. ამ ქვეყნების დედაქალაქებში მომუშავე ამერიკელი დიპლომატები ხატავენ მძიმე სურათს, სადაც ამერიკა მედიასივრცეში ალყაშია მოქცეული პრო-ირანული აქტორების მიერ, რომლებიც ციფრულ სივრცეში განსაკუთრებული მოქნილობით გამოირჩევიან.
POLITICO წერს, რომ აზერბაიჯანში ურთიერთობები, რომლებიც მანამდე მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა, საუკეთესო შემთხვევაში სტაგნაციას განიცდის, უარეს შემთხვევაში კი – უფსკრულისკენ მიექანება. ბაჰრეინის მთავრობა კითხვების წინაშე დგას იმის შესახებ, მიატოვა თუ არა აშშ-მა იგი ირანული დრონებისა და რაკეტების პირისპირ. ხოლო ინდონეზიის ლიდერი შესაძლოა აშშ-თან უსაფრთხოების სფეროში კავშირების შემცირების მოთხოვნის წინაშე დადგეს.
POLITICO-ს ინფორმაციით, ზოგიერთი წერილი აღწერს ანტიამერიკულ განწყობებს, რომლებსაც დაუყოვნებლივი ეფექტი აქვთ, სხვები კი გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში ურთიერთობები საფრთხის ქვეშ დადგება. მთლიანობაში, დოკუმენტები ქმნის სურათს, სადაც აშშ კარგავს მოსახლეობის, და პოტენციურად მათი მთავრობების ნდობას.
წერილებში ჩანს შეფარული თხოვნები ტრამპის ადმინისტრაციისადმი, რათა ამერიკულ საელჩოებს მიეცეთ მეტი თავისუფლება ნეგატიურ ნარატივებთან საბრძოლველად როგორც ინტერნეტში, ისე ტრადიციულ მედიაში. ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ საელჩოებს სჭირდებათ „მოქნილობა და სოციალურ მედიაში სწრაფი, პროაქტიური მოქმედების თავისუფლება“.
POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის საელჩოებს დავალებული აქვთ, არ შექმნან ორიგინალური კონტენტი ირანის ომზე და მხოლოდ თეთრი სახლის ან სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული გზავნილების გაზიარებით შემოიფარგლონ.
ამ წერილების გაგზავნის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. დიპლომატების თქმით, ბევრი მათგანი ერიდება ხმამაღლა საუბარს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რადგან ისინი ჩამოაშორეს საგარეო პოლიტიკის ძირითად გადაწყვეტილებებს.
ირანის ისლამისტური ხელმძღვანელობა კი, პირიქით, იყენებს ბოტებს, მემებსა და სხვა ინსტრუმენტებს სხვადასხვა პლატფორმაზე აშშ-ის პოზიციების შესასუსტებლად. მათი დიპლომატები ასევე იყენებენ კავშირებს რელიგიურ, კულტურულ და სოციალურ სფეროებში თეირანისადმი სიმპათიის მოსაპოვებლად.
კომენტარის თხოვნის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა განაცხადა: „პრეზიდენტ ტრამპის ქმედებები ამერიკის შეერთებულ შტატებს, მომავალ თაობებს და მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს ხდის იმით, რომ ხელს უშლის ირანის რეჟიმს ბირთვული იარაღის მოპოვებაში. ეს არის რეალობა და მთელი ადმინისტრაცია ამ მიზნის გარშემო ერთსულოვანია“.
აშშ-ის ერთგულების ეჭვქვეშ დაყენება ბაჰრეინში
ბაჰრეინი და აშშ მტკიცე მოკავშირეები არიან; ეს ახლო აღმოსავლური ქვეყანა მასპინძლობს ამერიკულ სამხედრო ბაზას, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინაა. თუმცა, მანამადან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, ომმა გააჩინა აღქმა, რომ აშშ-მა მიატოვა ბაჰრეინი და მხოლოდ ისრაელის დაცვაზე მოახდინა ფოკუსირება.
პრო-ირანული სოციალური მედიის ანგარიშები მიანიშნებენ, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნამ „ბაჰრეინი სამიზნედ აქცია“ და ამერიკულმა ძალებმა ქვეყანა უნდა დატოვონ. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პოსტი კითხულობდა: „რატომ განათავსეს აშშ-ის ძალები სასტუმროებში მშვიდობიან მოსახლეობას შორის? იმსახურებს კი ამერიკა, რომელმაც ყურის რეგიონი ისრაელის უსაფრთხოებისა და ნეთანიაჰუს მიზნების გამო მიატოვა, ბაჰრეინელი ხალხი რისკის ქვეშ დააყენოთ?“
დიპლომატების აზრით, პრობლემა ისიცაა, რომ აშშ-ის გზავნილები სუსტია, მაშინ როცა პრო-ირანული მხარე სწრაფად და კრეატიულად მოქმედებს. ბაჰრეინელი ოფიციალური პირები გამოთქვამენ წუხილს, რომ ამერიკული ადგილობრივი გზავნილების არარსებობა რისკს უქმნის საზოგადოების ნდობას აშშ-ისადმი.
მიღწევების განეიტრალება აზერბაიჯანში
ბაქოდან გაგზავნილი წერილის თანახმად, ირანის ომმა შესაძლოა დააზიანოს პროგრესი, რომელსაც აშშ-მა აზერბაიჯანთან ურთიერთობაში მიაღწია მას შემდეგ, რაც გასულ აგვისტოში ტრამპმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო სამიტს უხელმძღვანელა.
POLITICO-ს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში აზერბაიჯანული მედია ნეიტრალურ ტონს ინარჩუნებდა, თუმცა აპრილში რიტორიკა შეიცვალა და უფრო კრიტიკული გახდა აშშ-ის მიმართ. ადგილობრივი გამოცემების უმეტესობამ კონფლიქტის დაწყებაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა.
წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად სოციალურ მედიაში აშშ-ისა და ისრაელის ქმედებების მკაცრი კრიტიკისა, ეს არ ნიშნავს პრო-ირანული განწყობების ზრდას აზერბაიჯანში, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი სეკულარულადაა განწყობილი და თეირანის ისლამისტური რეჟიმისადმი ზიზღს გრძნობს.
პოზიციების დაკარგვა ინდონეზიაში
ჯაკარტადან გაგზავნილი წერილის მიხედვით, ირანი ატარებს მასშტაბურ გავლენის ოპერაციას ინდონეზიაში – მსოფლიოს უდიდეს მუსლიმურ დემოკრატიაში. თეირანი ხაზს უსვამს მუსლიმურ სოლიდარობას და მიმართავს ანტიკოლონიურ განწყობებს, ისრაელსა და აშშ-ს კი „იმპერიალისტებად“ წარმოაჩენს.
ირანის საელჩოს პოსტებს ახლა ათასობით მეტი ნახვა და დადებითი კომენტარი აქვს, ვიდრე მანამდე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ ომი გაჭიანურდება, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ ირანული პროპაგანდა გააძლიერებს არსებულ ანტიამერიკულ განწყობებს იმ დონემდე, რომ პრეზიდენტ პრაბოვოს პოლიტიკური მანევრირების შესაძლებლობა შეეზღუდოს.
საელჩო დაჟინებით ითხოვს მეტ თავისუფლებას მედიაფრონტზე საპასუხო დარტყმისთვის, რათა წინ აღუდგეს ანტიამერიკულ გზავნილებს მუსლიმურ აუდიტორიაში. ინდონეზიელ ოფიციალურ პირებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.