თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ i24news-თან ინტერვიუში განაცხადა, "უკრაინას არ ეშინია ირანის მუქარების". ზელენსკის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან, მას ბევრი მსგავსი შეტყობინება სმენია.
„მისმინეთ, ახალი არაფერია. ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა შეტყობინება მომისმენია. ჩვენ არ გვეშინია მსგავსი შეტყობინებების. ასეთი მუქარების გარემოცვაში ვცხოვრობთ ყოველდღე ბოლო ოთხი წელი, მინიმუმ ოთხი, მაგრამ ძირითადად - 12 წელი. ამიტომ, ჩვენთვის ეს სიახლე არ არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე დარწმუნებით აღნიშნა, რომ რუსეთი ეხმარება ირანს უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებით, რადგან ახლო აღმოსავლეთში ჩამოგდებულ „შაჰიდში“ რუსული დეტალები აღმოაჩინეს.
„დიახ, დარწმუნებული ვარ. ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი „შაჰიდის“ დეტალები, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში განადგურდა. ეს იყო რუსული დეტალები. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ირანელები მათ არ აწარმოებდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ რუსებიც ისევე ეხმარებიან მათ, როგორც ირანელები ეხმარებოდნენ ომის დასაწყისში, როდესაც „შაჰიდები“ გადასცეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ირანი უკრაინას დაემუქრა: რა არის ცნობილი
მანამდე, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან ისრაელისთვის გაწეული ნებისმიერი დახმარება, მათ შორის დრონები, მთელ უკრაინულ ტერიტორიას თეირანის სარაკეტო დარტყმების „კანონიერ სამიზნედ“ აქცევს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გიორგი ტიხიმ შეახსენა ყველას, რომ ირანული რეჟიმი წლებია მხარს უჭერს უკრაინელების მკვლელობას, რადგან რუსეთს აწვდის დრონებსა და ტექნოლოგიებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.
ტიხიმ უკრაინის მიმართ ამ ქვეყნის წარმომადგენლების მუქარას აბსურდული უწოდა. მან დასძინა, რომ „ეს იგივეა, სერიულმა მკვლელმა თავისი დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსზე მითითებით გაამართლოს“.
უკრაინული მედია წერდა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა: უკრაინა არ ეომება ირანს, ხოლო ჩვენი ქვეყნის გუნდის მუშაობა ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობს ექსპერტიზის ჩატარებასა და იმაში, რომ აჩვენონ, როგორ უნდა ვებრძოლოთ ირანულ „შაჰიდებს“.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელი სპეციალისტები ოპერაციებში მონაწილეობას არ იღებენ. კითხვაზე, რას მიიღებს უკრაინა სანაცვლოდ ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებისგან, ზელენსკიმ განმარტა, რომ მოლაპარაკებები გაიმართება, თუმცა „ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ტექნოლოგიები, ისე ფული“.