თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ოთხშაბათს, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. "ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს... თუმცა, აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება მოვახერხოთ ფასების დაწევა", - კობახიძემ ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია, მოქალაქეებზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს. მისივე თქმით, ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს თავის საქმიანობას
"თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში. რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის", - თქვა ირაკლი კობახიძემ და იქვე დასძინა, რომ ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან ერთად სურს იმსჯელოს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით.
"როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა. მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86%-ს. ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში - 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასევე, კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.
შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
რას ამბობენ ქსელური მარკეტების წარმომადგენლები?
„რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა: "ძალიან საქმიანი შეხვედრა ჩატარდა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, გავშალეთ ციფრები, მიზეზშედეგობრივი კავშირები. აბსოლუტურად ყველა მზად არის, რომ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ რეჟიმში გაიაროს ნებისმიერი ციფრი, რაღაც პერიოდის განმავლობაში კიდევ ვიმუშავებთ და შემდგომ გაირკვევა რატომ არის ციფრი მაღალი ან დაბალი".
ქაშაკაშვილის თქმით, შეხვედრის დროს გაჟღერდა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება უნდა წახალისდეს.
„რაიმეს მტკიცების რეჟიმში საუბარი არ ყოფილა. ეს იყო კონსტრუქციული დიალოგი, დაისვა კითხვები როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან. გრძელი პროცესია, ერთი შეხვედრის ფარგლებში ვერ გადაწყდება ვერაფერი. თავად ჩვენს სექტორს არაერთხელ უსაუბრია იმ გამოწვევებზე, რომელიც სხვადასხვანაირად აისახება სურსათის ფასზე.
გაჟღერდა, რომ უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფო თავისი მხრიდან მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში.
ჩვენი ასოციაციის მონაცემები არის საჯარო, ატვირთულია პორტალზე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს. ბუნებრივია თუ არა ფასნამატი ამას შემდგომი პროცესები დაგვანახვებს', - განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.
„რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ისიც აღნიშნა, რომ კობახიძის ინიციატივა მისასალმებელია იმ კუთხით, რომ როგორც მომხმარებლები ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, "რითეილ ასოციაცია" ამას მიესალმება.
"არსებობს სხვადასხვა მექანიზმები, საგადასახადო პოლიტიკის ლოიალობა, საბანკო შეღავათები, მოგეხსენებათ, რომ მაღალი გადასახადებია საბანკოსი, ვგულისხმობ ბარათით ტერმინალით გადახდისას. ჩვენ, როდესაც ევროპას ვედრებით, ისინი იქ 10-15 წლით წინ არიან ჩვენზე, წარმოებაც ადგილობრივი აქვთ.
ბუნებრივი პროცესია, კონკურენცია მაღალია, სექტორი კარგად ვითარდება, კარგი რეგიონული ექსპანსია აქვს, შესაბამისად ყველაფერს დრო სჭირდება.
შემდეგ შეხვედრებზე გამოვლინდება ციფრები როგორი იყო - რეალისტური თუ არა“, - თქვა სოფიო ქაშაკაშვილმა.
„სმარტისა“ და „ვისოლის“ დირექტორმა ვასილ ხორავამ კი აღნიშნა: "რა თქმა უნდა, მივესალმებით ფასების დაწევას - ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რაც დასჭირდებათ".
მისივე თქმით, დღეს შეხვედრა საცალო ქსელთან გაიმართა და საწვავის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
კონტექსტი
ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.
კობახიძე ამბობს, რომ ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, „რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“.
კობახიძის თქმით, „პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მოგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ“.
24 დეკემბერს კობახიძემ ამბობდა: „ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ“ და სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა.