თბილისი (GBC) - საქართველოში „სტარბაქსის" პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო "აწარმოე საქართველოში" იტყობინება, რომლის ცნობით, ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, ეს უკანასკნელი კი "სტარბაქსის“ ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.

"ეს მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც „სტარბაქსის" გლობალური ქსელის გაფართოების, ასევე Alshaya Group-ის ევრაზიის რეგიონში ოპერირების გაძლიერების თვალსაზრისით. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი დასაქმების ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას", - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

აღსანიშნავია, რომ "სტარბაქსის" შემოსვლა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

„ვამაყობთ, რომ „სტარბაქსს“ წარვუდგენთ ყავის ქართველ მოყვარულებს. ბრენდის საქართველოში შემოსვლას დიდი მოლოდინი ახლდა, რაც სრულად ეხმიანება ქვეყნის განვითარებულ კაფე-კულტურასა და ახალგაზრდა, დინამიკურ სამომხმარებლო გარემოს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოცადოს „სტარბაქსის“ მაღალი ხარისხი და გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, ამავდროულად კი ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მომწოდებლების განვითარებასა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენას საქართველოში“, - აცხადებს სალეჰ ალშაია, „სტარბაქსის" პრეზიდენტი Alshaya Group-ში.

„მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირების შემდეგ, Alshaya Group-თან პარტნიორობით, ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენი უნიკალური ყავის გამოცდილება შევთავაზოთ ახალ მომხმარებლებს საქართველოში. ეს ნაბიჯი გვაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ რეგიონში მზარდ ყავის კულტურაში, შევქმნათ ახალი კავშირები და განვახორციელოთ ინვესტიცია იმ საზოგადოებებში, რომელთაც ვემსახურებით“, - განაცხადა "სტარბაქსის" პრეზიდენტმა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, დუნკან მუარმა.

„რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და დახმარებით, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები Alshaya Group-თან და „სტარბაქს“-ის ბრენდი უკვე ოფიციალურად შემოდის ქართულ ბაზარზე. ეს იყო ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესი - საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია, სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები. დღეს უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გააუმჯობესებს სერვისების ხარისხს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას", - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქსის" 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო მთლიანობაში კომპანიის პორტფელში 13 ბაზარზე წარმოდგენილი „სტარბაქსის" 2,000 მაღაზიაა.

„სტარბაქსი“ 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.

"სტარბაქსის" გახსნა მარტში იგეგმებოდა, თუმცა გასულ კვირას მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო.