თბილისი (GBC) - ,,შეთანხმება მიღწეულია - უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ოთხი თვით გახანგრძლივდა, რაც იმის გარანტიაა, რომ უკრაინული პროდუქციით დატვირთული გემები უსაფრთხო კორიდორს მიიღებენ და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე გატანას შეძლებენ. სტაბილიზაცია არის და იქნება საქართველოშიც, რადგან რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალია, თანაც განიხილება რუსეთში საბაჟო გადასახადის ახალი ფორმულირება, ამ შემთხვევაში ეს ბაჟს შეამცირებს''. - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სილაგავა.

სილაგავას პოსტს სრულად გთავაზობთ:

,,მსოფლიოსთვის ყოველივე ეს დადებითი სიგნალებია, რადგან უკრაინა მარცვლეულის ძალიან სერიოზული მიმწოდებელია, როგორც ხორბლის, ისე სიმინდის, ზეთის და შროტის.

შეთანხმების გაგრძელდება დამოკიდებული იყო იმაზე, რომ რუსული ხორბალი და სასუქები შეუფერხებლად გასულიყო საერთაშორისო ბაზრებზე . პირველი შეთანხმების დროსაც, უკრაინული მარცვლეულის დერეფნის მუშაობის პარალელურად გაეროსა და რუსეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა რომ რუსული ხორბლისა და სასუქების წვდომა მსოფლიოში ბაზარზე შეზღუდული არ იყო, მაგრამ მუშაობდა ე.წ. მეორადი სანქციები. ეს გულისხმობს იმას, რომ თვითონ ხორბალი და სასუქი მსოფლიო ბაზარზე სანქცირებული არ იყო, თუმცა სანქცირებული იყო რუსულ პორტებში გემების შესვლა და მარცვლეულის გამოტანა, ასევე რუსული ტვირთით დატვირთული გემების შესვლა ევროპულ პორტებში.

-გაეროს გენმდივნის და თურქეთის პრეზიდენტის ახლანდელი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ეს პრობლემა მოხსნილია, რადგან ორმხრივი ინტერესი არსებობს, რომ მსოფლიოს მიეწოდოს მარცვლეული და სასუქი . რუსეთს ხორბლის რეკორდული მოსავალი აქვს და უახლოესი თვეებში უფრო მეტ ხორბლის მიაწოდებს ბაზრებს, ვიდრე წინა თვეებში. ესეც ის ფაქტორია, რომელიც მინიმუმ, ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს და შესაძლოა, კლებაც კი ვიხილოთ

მარცვლეულის დერეფნის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის როლს გაერო და თურქეთი ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ დადებითი ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი 2.3%-ით შემცირდა და ბუშელი (25კგ) მარცვლეულის ღირებულებამ 7.98 დოლარი შეადგინა''.