თბილისი (GBC) – ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის კონტრაქტორი კომპანია, ქართული სტარტაპი Roamingo აეროპორტის ყველა მგზავრს გაფრენის წინ, საჩუქრად სამოგზაურო ინტერნეტს სთავაზობს. "ევროპა + თურქეთის" 500 მბ ინტერნეტის გააქტიურება მგზავრებს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფრენის დარბაზში Roamingo-ს სტენდთან შეუძლიათ, სადაც კომპანიის თანამშრომლები მგზავრებს დახმარებას უწევენ eSIM ტექნოლოგიით ნებისმიერი ქვეყნისა თუ რეგიონის სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტის გააქტიურებაში.

ასევე, დამატებით Roamingo-ს 5000 მბ უფასო ინტერნეტის გააქტიურება შეუძლიათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის იმ მგზავრებს, რომლებიც თბილისიდან ქუთაისამდე აეროპორტის მეორე კონტრაქტორი კომპანიით - Georgian Bus-ის ავტობუსებით იმგზავრებენ.

ქართული სტარტაპი Roamingo ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვეა ოპერირებს და ამ ეტაპზე, 4 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ქართული და მსოფლიო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, Roamingo-ს აპლიკაციაში  ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები. საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გეგმავს.