თბილისი (GBC) - “კრისტალი” ქართულ საფინანსო ბაზარზე ოპერირებას მიკრობანკის სტატუსით გააგრძელებს. ყოფილმა მისომ სებ-ისგან  ლიცენზია მიიღო. რას ნიშნავს ეს მისი მომხმარებლებისთვის და როგორ აისახება ცვლილება პროდუქტებზე და მომსახურებაზე,  BR.ge “კრისტალის” გენერალურ დირექტორს ილია რევიას ესაუბრა:

მიკრობანკის სტატუსს აქვს 3 სარგებელი: რესურსების დივერსიფიკაცია, დეპოზიტები და უკეთესი შეთავაზებები.

“კრისტალი” ქართულ საფინანსო ბაზარზე ოპერირებას მიკრობანკის სტატუსით გააგრძელებს. ყოფილმა მისომ სებ-ისგან  ლიცენზია მიიღო. რას ნიშნავს ეს მისი მომხმარებლებისთვის და როგორ აისახება ცვლილება პროდუქტებზე და მომსახურებაზე,  BR.ge “კრისტალის” გენერალურ დირექტორს ილია რევიას ესაუბრა:

მიკრობანკად გარდაქმნა რას შეცვლის თქვენი მომხმარებლებისთვის?

– მიკრობანკის სტატუსს ექნება 3 მნიშვნელოვანი სარგებელი: რესურსების დივერსიფიკაცია, დეპოზიტები და უკეთესი შეთავაზებები.

პირველ რიგში, ჩვენ მომხმარებლებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, „კრისტალში” ჰქონდეთ ანგარიშები, ბარათები და გახსნან დეპოზიტები, მათ შორის შემნახველი ანაბარი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით აღნიშნული მომსახურების გაწევა შეზღუდული გვქონდა. ახლა შევძლებთ, მათ მივაწოდოთ პროდუქტების მეტი ასორტიმენტი და გავაუმჯობესოთ ჩვენი ციფრული შეთავაზებები.

ამასთანავე გაიზრდება ჩვენი საკრედიტო ლიმიტები. თუ აქამდე მხოლოდ 100 ათას ლარამდე სესხის გაცემა შეგვეძლო, ახლა ლიმიტი 1 მილიონ ლარამდე იზრდება და მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას შევძლებთ.

– ესე იგი კლიენტების მხრიდან იყო მოთხოვნა დიდი მოცულობის კრედიტებზე?

-დიახ, არსებობდა ასეთ კრედიტებზე მოთხოვნა ჩვენი კლიენტების მხრიდან, რომლებიც გაიზარდნენ. ამ პროცესს ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით. მათ სურდათ ბიზნესის გაფართოება, მაგრამ მიკროსაფინანსოს სტატუსის ფარგლებში ვეღარ ვემსახურებოდით და არსებობდა საფრთხე, რომ ეს მომხმარებლები დაგვეკარგა.

– რადგან იაფი სავალუტო რესურსის მოზიდვის საშუალება გაგიჩნდებათ, ამას სესხებზე პროცენტის შემცირებაც უნდა მოჰყვეს. კრედიტებს როდის გააიფებთ?

– დიახ, ეს სესხის განაკვეთზე აისახება. კონკრეტულად თარიღის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ შემცირება ეტაპობრივად მოხდება. სახსრები რაც აქამდე გვაქვს მოზიდული, მას სესხად ძველი განაკვეთით გავცემთ, მაგრამ თანდათან დავიწყებთ დეპოზიტების პორტფელის დაგროვებას, ასევე გვექნება საშუალება ჩავერთოთ “აწარმოე საქართველო” და სხვა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებში. ეს შეღავათები ეტაპობრივად დაინერგება და მცირე და მიკრო მეწარმეებისთვის უკეთეს ფასებში აისახება. მომხმარებლებისგან დეპოზიტების მიღება შეამცირებს ჩვენ დამოკიდებულებას უცხოეთიდან მოზიდულ სახსრებზე, რაც ეტაპობრივად გააიაფებს ჩვენ პროდუქტებს.

 საკრედიტო განაკვეთი რამდენად კონკურენტული  გექნებათ?

– კონკურენტული განაკვეთი გვექნება, ცხადია. თუმცა, არ ვგულისხმობ კონკურენციას მხოლოდ ფასით, არამედ მომსახურების ხარისხსაც. ამ მხრივ, ჩვენ გამორჩეულები ვიყავით მიკროსაფინანსო სეგმენტში, და ვაპირებთ მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

საბანკო სექტორში კონკურენცია მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ამიტომ ვაპირებთ, გვქონდეს უფრო მეტად მორგებული შეთავაზებები მცირე მეწარმეებისთვის. კერძოდ, უფრო მეტი სპეციალიზებული პროდუქტები.

– რა პროდუქტებს დაამატებთ?

– მაგალითად, მცირე ბიზნესის დაკრედიტების პროდუქტებს დავამატებთ. მათ საწარმოსთვის შეიძლება არა სესხი, არამედ არამედ უფრო ლიზინგის პროდუქტი სჭირდებოდეთ ან უნდოდეთ სხვა ნებისმიერი ინოვაციური ფინანსური პროდუქტი. ამიტომ გავზრდით ლიზინგის პროდუქტების რაოდენობას. ლიზინგის შეთავაზებაშიც მიკროსაფინანსო სეგმენტისთვის არსებული შეზღუდვები გვაფერხებდა. ახლა ამ მიმართულებით უფრო მეტის შეთავაზებას შევძლებთ. და მთავარი მაინც იქნება ახალი ციფრული არხები.

– რომელი მიმართულებაა უფრო მოთხოვნადი და სად ხედავთ უფრო მეტ განვითარებას?

-ამ ეტაპზე რეგიონებში ვხედავთ დიდ მოთხოვნას. მზარდია მოთხოვნა საფინანსო-საბანკო მომსახურებაზე, აგრომეურნეობების და ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით.

– ინვესტიციების მოზიდვის რა გეგმა გაქვთ წელს?

-ამჟამად 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორთან ვმუშაობთ. ესენი არის ძირითადად საერთაშორისო განვითარების ბანკები, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები. ბევრი ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია. წელს 270 მილიონი ლარის ეკვივალენტი სავალუტო რესურსის მოზიდვას ვგეგმავთ. ეს შარშანდელთან შედარებით 25%-იანი ზრდაა. 2024 წელს 200 მილიონი ლარის ინვესტიციას მოვიზიდეთ.

– წელს როგორ ფინანსური შედეგებს ელოდებით?

– ბოლო 4 წელია, ჩვენი ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. 2024 წელი კარგი შედეგით დავასრულეთ. პორტფელის ზრდა 15% იყო. კაპიტალზე ამონაგებმა კი 22% შეადგინა.  მომგებიანობით მესამე ადგილზე ვიყავით მიკროსაფინანსო სექტორში.  ცხადია, მომავალში მოკლევადიან რყევებს ვერ გამოვრიცხავთ, რადგან ღია ეკონომიკაა გვაქვს, თუმცა, საბანკო ბაზარი კარგად დარეგულირებული და თავისუფალია. შესაბამისად, ჩვენი გრძელვადიანი მოლოდინი პოზიტიურია.

“კრისტალის” შესახებ: კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგრამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა.

27 წლის შემდეგ, “კრისტალს” 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელი აქვს. ორგანიზაცია 48 ფილიალით და1 000-ზე მეტი თანამშრომლით, ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

წყარო: BRG