თბილისი (GBC) – საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში შესული შრომის სამართლებრივი დავების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – 2011 წელს 586 საქმიდან 2020 წელს 1516 საქმემდე.
შრომითი დავების წილი მთლიან სასარჩელო წარმოების საქმეებში 2011 წლიდან გაიზარდა და პიკს (4.4%) 2013 წელს მიაღწია. შემდეგ კი შეიმჩნევა შემცირების ტენდენცია 2017 წლამდე (ეს შესაძლოა 2013 წელს განხორციელებული შრომითი რეგულაციის ახალი ცვლილებების შედეგიც იყო), როდესაც მისი წილი მხოლოდ 1.8% გახდა. 2017 წლიდან შრომის სამართლებრივი დავების წილი მთლიან სასარჩელო წარმოების საქმეებში ნელ-ნელა კვლავ იზრდება (1.8%-დან 2017 წელს 2.6%-მდე 2020 წელს).
უზენაესი სასამართლოს მონაცემების გარდა, მსგავსი სურათია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციითაც. თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემების თანახმად , სასამართლოში შეტანილი შრომის სამართლებრივი დავების საქმეები 2020 წელს გაიზარდა 45%-ით, 2015 წელთან შედარებით და რაოდენობამ 2020 წელს სულ 1157 საქმეს მიაღწია. თბილისის საქალაქო სასამართლოს შემთხვევაში, შრომის დავების წილი მთლიან სასარჩელო წარმოების საქმეებში შემცირდა 2015 წელს 6.1%-დან 2020 წელს 1.4%-მდე.
2015-2020 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოსა და უზენაეს სასამართლოში დასრულებული საქმეების წილი (%), რომელზეც გადაწყვეტილება იყო მიღებული, დაახლოებით არის 35% და 39%, შესაბამისად. ამავე პერიოდში სარჩელის დაკმაყოფილების (მოსარჩელის დაკმაყოფილების) წილი ყველა გადაწყვეტილ დასრულებულ საქმეებში საშუალოდ შეადგენს 77%-ს და 74%-ს, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და უზენაეს სასამართლოში.
ბიზნესი შრომითი დავების ზრდას შრომის ახალ კოდექსს უკავშირებს. კერძოდ, დამსაქმებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ფაქტობრივად, კოდექსის გამკაცრებამ დასაქმებულებს საშუალება მისცა, გამოეხატათ თავიანთი ინტერესები, ეგრძნოთ ძალაუფლება და შეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს.
„შრომითი დავების 95% დასაქმებულის სასარგებლოდ წყდება, ამჟამად დამსაქმებლისთვის შეუძლებელია საქმის მოგება. ეს დიდი ტვირთია ბიზნესისთვის, ეს დავები გრძელდება 3-4 წელი. ამ ხნის განმავლობაში კი კომპანია რთულ პირობებშია და კოლოსალური თანხების გადახდა უწევს დასაქმებულთათვის განაცდურის/გაცდენილი დროის ასანაზღაურებლად. თუმცა შრომის კოდექსში წერია, რომ ეს დავები უნდა გადაწყდეს მცირე ვადაში, მაქსიმუმ 1 წლამდე. რაც შეეხება შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ დაწესებულ სანქციებს, კომპანიებს ხშირად აქვთ საშუალოდ 15-20 შენიშვნა თითო შემოწმებაზე“, - განმარტავენ ასოციაციაში.